მალაიზიის დედაქალაქმა, კუალა-ლუმპურმა ბოლო პერიოდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოლაპარაკებას უმასპინძლა. საუბარია შეხვედრაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ომში მყოფ ტაილანდისა და კამბოჯას ლიდერებს შორის შედგა.
ორი აზიური ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკების საგანი ცეცხლის შეწყვეტა და კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტა იყო.
შეხვედრას ტაილანდის მხრიდან პრემიერ-მინისტრი ფუმთამ ვეჩაიაჩაი, კამბოჯის მხრიდან კი მისი ვიზავი, ჰუნ მანეტი ესწრებოდნენ. ორ ლიდერს შორის მომლაპარაკებლის როლი მალაიზიის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ანვარ იბრჰიმმა შეასრულა.
შეხვედრას უშედეგოდ არ ჩაუვლია. მხარეებმა 3 ძირითად შეთანხმებას მიაღწიეს. უპირველეს ყოვლისა, ASEAN-ის (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია) ჩართულობით დაიწყება 27 ივლისს დაწყებული საომარი მოქმედებების გამოძიება. დადგინდება კონფლიქტის მიმდინარეობისას გამოვლენილი დარღვევები. რაც მთავარია, ორივე მონაწილე მხარე ASEAN-თან სრულად ითანამშრომლებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია შეთანხმება იმის შესახებ, რომ კონფლიქტური ზონიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანას ორივე მხარე დაუყოვნებლივ დაიწყებს. პროცესი 14 დღის ვადაში უნდა დასრულდეს. მესამე საკითხი ჰუმანიტარული კორიდორის გახსნას შეეხო. ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს სახლში დაბრუნების უფლება მიეცემათ. ამ პროცესს მალაიზიის ხელისუფლება გააკონტროლებს. რაც შეეხება კონფლიქტურ ზონას, ამ საკითხთან დაკავშირებით მეზობელ ქვეყნებს შორის ვითარება კვლავ მოუგვარებლად რჩება. უცნობია, გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკებები ამ კუთხით.
ცნობისთვის, ორ მეზობელ ქვეყანას შორის კონფლიქტი 27 ივლისს დაიწყო და მომდევნო დღესვე დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით შეჩერდა. ორდღიანმა დაპირისპირებამ 36-დან 43-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საცხოვრებლის იძულებიტ დატოვება 250,000-მდე ადამიანს მოუწია.




























