საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის პროგნოზით, "დიდი ალბათობით რუსეთს ჩახსნიან საერთაშორისო საგადახდო სისტემა SWIFT-იდან“.
ამის შესახებ ქადაგიძე facebook-ის პირად გვერდზე წერს და იმ შესაძლო დანაკარგებზე საუბრობს, რასაც საერთაშორისო სანქციები რუსეთის ეკონომიკას მოუტანს.
„სხვადასხვა გათვლით (ირანის ანალოგის გათვალისწინებით) მხოლოდ ეს <SWIFT-დან რუსეთის გათიშვა> გამოიწვევს ოკუპანტის
- ეკონომიკის 5-10%-იან ვარდნას; - ექსპორტის 30 - 50%-ით შემცირებას; - დეპოზიტების და სხვა სავალუტო სახსრების მნიშვნელოვან გადინებას; - გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან გაუფასურებას #სანქციებიმუშაობს Stay strong Ukraine“, - წერს გიორგი ქადაგიძე.
მსოფლიოს ფინანსური გადარიცხვების ქსელიდან რუსეთის გათიშვის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აშშ-მა და ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთს უკრაინაში ინტერვენციის გამო სანქციები დაუწესეს. უკრაინა აქტიურად ითხოვს, რომ სანქციებში SWIFT-დან გარიცხვაც მოხვდეს. ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხავს დიდმა ბრიტანეთმა ღიად დაუჭირა მხარი.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის SWIFT-დან გათიშვას იტალიაც დაუჭერს მხარს. როგორც უკრაინის პრეზიდენტი "ტვიტერზე" წერს ამ საკითხზე იტალიის პრემიერს ტელეფონით ესაუბრა. კვიპროსთან SWIFT-ის საკითხზე მიღწეულ შეთანხმებაზე იტყობინება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც. დმიტრო კულებას განცხადებით, კვიპროსი რუსეთის SWIFT-დან გათიშვის საკითხს არ დაბლოკავს.