მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შეიცვლება საპენსიო სესხებში - ეკონომიკის მინისტრის განმარტება

620658a3026f1
შოთა ტყეშელაშვილი
11.02.22 16:39
1233
ხანდაზმული მოქალაქეებისთვის, რომლებიც პენსიით უზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებს იღებენ, კრედიტის განაკვეთი მაქსიმუმ 26% შეიძლება იყოს. შესაბამისი გადაწყვეტილება ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით გამართულმა უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო. სხდომას ოპოზიციის წევრები, სებ-ის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საპროცენტო განაკვეთის 26%-იანი ჭერი, ამ კრედიტების არსებულ საბაზრო განაკვეთზე - 36%-ზე 10 პროცენტული პუნქტით დაბალია. შესაბამისად, ჭერის შემცირება ტენდერში გამარჯვებული ბანკის საპროცენტო შემოსავლების კლებას გამოიწვევს.

მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ერთ თვეში შემუშავდება კონტრაქტის პირობები, რომლითაც გამოცხადდება ახალი ტენდერი და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო შეარჩევს ბანკს, რომელიც პენსიებს და სხვა სოციალურ დახმარებებს დაარიგებს.

ეკონომიკის ახალი მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, პენსიების გამცემი ბანკის შერჩევა ერთ თვეში გაიცემა.

"ბანკის შერჩევა მოხდება უკვე 1 თვის განმავლობაში, რომელიც ახალი პირობებით მოახდენს პენსიების გაცემას და ამავე დროს საპენსიო უზრუნველყოფით სესხების გაცემას.

ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ მომსახურება, რომელსაც ჩვენი პენსიონერები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იღებენ, ეს მომსახურება არ გაუარესებულიყო, პირიქით გაუმჯობესდეს და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი პირობა, რომელიც ახლა პოლიტიკურად იყო ძალიან დიდი ინტერესის საგანი, ეს იყო საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც იღებენ ჩვენი პენსიონერები იმ პენსიებით უზრუნველყოფილ სესხებზე. აქ ჩვენ მრავალდღიანი და მრავალთვიანი მუშაობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, ეროვნულ ბანკთანაც შევჯერდით, რომ მაქსიმალური ზღვარი განისაზღვროს საპენსიო გასაცემლებზე და ეს მიბმული იყოს ფულის ღირებულებაზე. ეს არის სამართლიანი პირობა ბანკებისთვის და ვნახოთ, ეს არის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც დღევანდელი მოცემულობით არის განსაზღვრული, იქნება 26%. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ დღეს ფულის ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც ინფლაცია დასტაბილურდება და დაიწევს ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთი და ის ინდექსი, რომელზეც მიბმულია, ჩვენი გადაწყვეტილებით, პენსიონერების საპროცენტო განაკვეთი, თუმცა კონკურსის პირობებში ველოდებით დიდ კონკურენციას ბანკების მხრიდან და ველოდებით ამაზე კიდევ უფრო კარგ შემოთავაზებას.

მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებითაც გაუმჯობესების ძალიან დიდი სივრცეა და პირობები ჩვენი პენსიონერების გაუმჯობესდება. მათი უფლებები იქნება მაქსიმალურად დაცული, თუმცა ბანკების მხრიდან დაინტერესებისა და კონკურენციის შემთხვევაში, ეს შეიძლება კიდევ უფრო მიმზიდველი იყოს ჩვენი პენსიონერებისთვის.
ვფიქრობ, რომ კომისიამ წარმატებით იმუშავა მთელი ამ ხნის განმავლობაში და ის უპირველესი ამოცანა, რომელიც გვქონდა, შევასრულეთ, შევაჯერეთ და ეს არის საყოველთაო გადაწყვეტილება, რომელშიც მონაწილეობდა, როგორც სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი საქართველოს მთავრობიდან, ისე საქართველოს პარლამენტის წევრები, როგორც პოზიციის, ისე ოპოზიციის მხრიდან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ათ წელზე მეტია პენსიების დარიგებას “ლიბერთი ბანკი” ახორციელებს, სწორედ ის არის ერთადერთი ბანკი, რომელიც წლიდან წლამდე გამოთქვამს სურვილს მონაწილეობა მიიღოს ჯანდაცვის სამინისტროს ტენდერში.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ამჟამად სახელმწიფო პენსიების დარიგების ადმინისტრირებაში ფულს არ იხდის და ამ ხარჯებს სრულად “ლიბერთი ბანკი” ფარავს. როგორც დღეს ითქვა, ახალი ტენდერის პირობებში ჩაიდება 15-მილიონიანი დაფინანსება, რომელსაც მთავრობა გამარჯვებულ ბანკს დამატებით გადაუხდის.

დღეს გამართულ სხდომას ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ განახლებული პირობების გათვალისწინებით, ბანკებს შესაძლოა, არ ჰქონდეთ ინტერესი ტენდერში მიიღონ მონაწილეობა.

საპენსიო გასაცემლებთან დაკავშირებით სპეციალური უწყებათაშორისი კომისია გასული წლის ივლისში, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით შეიქმნა. იქამდე პარლამენტში გაიმართა რამდენიმე სხდომა, რომელიც საპენსიო სესხების განაკვეთებს შეეხებოდა. „ჩვენ უმოკლეს ვადაში უნდა ვიპოვოთ გამოსავალი... საპროცენტო განაკვეთმა კიდევ უნდა დაიწიოს“, - აცხადებდა ირაკლი ღარიბაშვილი 2021 წლის აგვისტოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები