მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეიცვლება ტუროპერატორებისა და მათი მომხმარებლისთვის ევროპული დირექტივით? - განმარტება

627aaf3463a1a
ალა ისპირიანი
10.05.22 23:40
1154

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის, დევი ხეჩინაშვილის განცხადებით, ცვლილებები, რომელიც საქართველომ ტურიზმის ევროპული დირექტივის მიხედვით უნდა განახორციელოს, სავარაუდოდ ზაფხულისთვის შევა ძალაში. როგორც მან გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, აღნიშნული დირექტივის მიხედვით, ტუროპერატორებს გარკვეული პირობების შესრულება მოუწევთ.

„ცვლილება ფინანსური რისკების დაზღვევის ნაწილში იქნება. მაგალითად, ტურისტულმა კომპანიამ ტურისტი წაიყვანა, თუმცა მას სასტუმროში განთავსების პრობლემა შეექმნა და ტუროპერატორმა სასტუმროს ფული არ გადაუხადა. ევროპული დირექტივა მსგავსი შემთხვევების ფინანსურ უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

ამ საკითხზე ამჟამად მუშაობა პირველ რიგში, საქართველოდან გამსვლელი ტურისტებისთვის მიმდინარეობს. თუ კანონმდებელმა ეს ბოლომდე მიიყვანა, გამსვლელ ტურისტს იმის გარანტიები ექნება, რომ ის დაზღვევით დაფინანსდება, თუ ტუროპერატორი გადახდისუუნარო გახდა, ამის შემდეგ ალბათ სერიოზული მსჯელობა იქნება იმაზე, თუ რა საჭიროებებია ქვეყნის შიგნით ამ მიმართულებით, რათა მსგავსი პრობლემები აქაც არ იყოს“, - განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.

მისივე თქმითვე, აღნიშნული დაზღვევის შეძენა თავად ტუროპერატორებს მოუწევთ.

„ეს არის ევროდირექტივა და პირველ რიგში ევროპას ეხება, მაგრამ ის თუ დამკვიდრდა, ყველას შეეხება. ეს დაზღვევა თავად ტუროპერატორმა უნდა შეიძინოს, რომელსაც ადამიანები გაჰყავს. აქ არაა საუბარი იმაზე, რომ ტურისტს ხუთვარსკვლავიან სასტუმროს დაჰპირდნენ და სამვარსკვლავიანში შეიყვანეს. აქ საუბარია ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ტურისტი სხვა ქვეყანაში ჩავიდა და სასტუმროს ნომერში ვერ შევიდა, ან შევიდა და მისი იქ ყოფნის ფული არ გადაიხადეს და ა.შ. ასევე, როდესაც მთელ თვითმფრინავს ქირაობს კომპანია, მიჰყავს ტურისტები, ყოფილა შემთხვევა იქიდან აღარ წამოუყვანიათ, ამიტომ ასეთი რისკების თავიდან ასაცილებლად, ვფიქრობ, პირველ ეტაპზე, ცვლილება გამსვლელი ტურიზმის ორგანიზატორი ოპერატორებს შეეხება“, - განმარტავს იგი.

„საქმიანი დილის“ კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა ახალი დირექტივა ტურებზე ფასების ზრდას, დევი ხეჩინაშვილი პასუხობს, რომ შესაძლოა გაიზარდოს, თუმცა უმნიშვნელოდ.

"ტურიზმის უსაფრთხოება ფასებს გარკვეულწილად გაზრდის, მაგრამ ტურების ღირებულებაში მნიშვნელოვან ცვლილებას არ ველოდები. ცვლილებები ევროდირექტივების გათვალისწინებით, რასაც ზაფხულამდე უნდა ველოდოთ, ტურიზმის დაზღვევა და ფინანსური გარანტიებია. იმედი მაქვს, მალე უნდა ველოდოთ ავტომფლობელის დაზღვევასაც“, - აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები