მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალი აქვს Pace Group-ს, რომელიც ფოთში ახალ ტერმინალს აშენებს

5e21648c6ce30
შოთა ტყეშელაშვილი
17.01.20 12:20
4950
ფოთში, $93 მილიონიანი ინვესტიციით, ნავმისადგომი შენდება. პროექტს ფოთის პორტის ტერიტორიაზე მოქმედი ქართული კომპანია Pace Group-ი ახორციელებს. ნავმისადგომის ინფრასტრუქტურის სრული სიგრძე - 650 მეტრს, ხოლო წყლის სიღრმე 12 მეტრს შეადგენს. ახალი ტერმინალის ტვირთბრუნვის საერთო მოცულობა განისაზღვრება 5 მილიონი ტონით. პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 93 მილიონ აშშ დოლარს, საიდანაც 50 მლნ დოლარს გამოყოფს აშშ-ის კერძო საგარეო საინვესტიციო კოპრორაცია (OPIC), ხოლო დარჩენილ 43 მლნ დოლარს Pace Group-ი წილობრივი მონაწილეობის სახით. ეს ამ დროისთვის, საქართველოში OPIC-ის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია.

დღეს Pace Group-ი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საპორტო და ლოგისტიკური კომპანიაა. ორგანიზაცია ფოთის პორტის ცალკეული ნავმისადგომების ოპერატორია. ამ ნავმისადგომების მიმდებარედ კი ამჟამად ახალი ტერმინალი შენდება. კომპანია ფოთის პორტში 1993 წლიდან საქმიანობს,

“PACE ჯორჯიას” ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის აქტივები 96 მილიონ ლარს შეადგენს. 2018 წლის განმავლობაში 57.6 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. კომპანიის წმინდა მოგებამ კი, 8.4 მილიონი ლარი შეადგინა.

ანგარიშგების მიხედვით, კომპანიისთვის ყველაზე დიდი ხარჯები გემებიდან ტვირთების ჩატვირთვა-გადმოტვირთვა იყო, რაც 24 მილიონი ლარი დაჯდა, სარკინიგზო ხარჯი - 16.6 მილიონი ლარი, პორტის მომსახურება კი, 3.1 მილიონი ლარი იყო.

შპს “პეის ტერმინალის" საკუთრებაშია 195,066 კვ.მ მიწის ფართობი და შენობა ნაგებობები ფოთის პორტის მიმდებარედ. ტერიტორიის ნაწილი 88,893 კვ.მ. კომპანიას გადაცემული აქვს იჯარით სატერმინალო მომსახურებისათვის, ნაწილზე მოწყობილია პორტი რომლისგანაც კომპანია იღებს საპორტო მომსახურებაში შემოსავალს.

“PACE ჯორჯიას” მეწილეები არიან:

ირაკლი კერვალიშვილი - 38%;
ლაურა ლარიონი - 38%;
თეიმურაზ კერვალიშვილი - 10%;
ირაკლი თათეიშვილი -10%;
თამაზ კაპანაძე - 4%.

Pace Georgia-ს დამფუძნებელმა ირაკლი კერვალიშვილმა Forbes Georgia-ს აღმასრულებელ რედაქტორთან გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ახალი ნავმისადგომის მშენებლობის შესახებ ისაუბრა.

ირაკლი კერვალიშვული ამბობს, რომ მოზიდული თანხებით აშენებული ახალი ტერმინალი მათ გამტარიანობას წლიურად 5 მილიონი ტონით გაზრდის, თავად მშენებლობის პროცესი კი მკაცრად დადგენილი გრაფიკით მიმდინარეობს.

“სესხი 15 წელიწადში უნდა დავაბრუნოთ, საკმაოდ მკაცრი გრაფიკი გვაქვს. ასეთი მაღალი ხარისხის ვალდებულებები წნეხის ქვეშ გვამყოფებს, მაგრამ, მეორე მხრივ, სიამაყის გრძნობაც დიდია, რომ პირველები ვართ, ვისაც "ოპიკმა" ამ ხარისხის ნდობა მიანიჭა. ეს არ არის ნდობა მხოლოდ ჩვენი კომპანიის, ეს არის ნდობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი რეგიონის მიმართ, რომელშიც, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა ლიდერია.

18 თვეში უნდა დასრულდეს პროექტი. საკმაოდ დიდი ვალდებულების და ზედამხედველობის ქვეშ ვართ ამ პროცესში. ანუ ეს უნდა დამთავრდეს 2021 წლის ადრეულ გაზაფხულზე. შეიძლება ერთი-ორი თვით ადრე დავასრულოთ, მაგრამ ძალიან შეზღუდული ვართ ჩარჩოებში. მივიღებთ 260 მეტრის სიგრძის ნავმისადგომს, რომელიც მიიღებს 200 მეტრის სიგრძის გემს. სიგრძე ექნება 12.5 მეტრი-12 მეტრი, ეს ნიშნავს რომ 50,000 ტონამდე ტვირთამწეობის გემი დადგება ჩვენს ნავმისადგომზე. ასეთი გემების ხშირი მოთხოვნა არ არის, წელიწადში შეიძლება 3-4 ჯერ გამოჩნდეს ამ მასშტაბის გემი, მაგრამ ჩვენ უნდა გქვონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, შესაბამისად უნივერსალური ინფრასტრუქტურის მოწყობით ჩვენ ამ გემების მიღების შესაძლებლობას აღარ დავკარგავთ. ამჟამად თუ ვატარებთ 3 მილიონ ტონას, წარმადობას გავზრდით 5 მილიონი ტონით, ეს საუბარი მაქვს მხოლოდ მშრალ ტვირთებზე. ნაწილი კონტეინერები იქნება, მაგრამ კონტეინერებს ძირითადად APM და ბათუმი იღებს, მაგრამ ჩვენც შევძლებთ 100,000 TEU-მდე მივიღებთ,”- ამბობს კერვალიშვილი.

რა ეტაპზეა Pace Group-ის ახალი ტერმინალის მშენებლობის პროექტი - ინტერვიუ 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები