მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალი გამოიმუშავეს წელს “მაგთიმ”, “სილქნეტმა” და “სელფიმ"

სიმ ბარათი
სტატიაში საუბარია:

2023 წლის 9 თვეში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში 582 მილიონი ლარი გადაიხადა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 77 მილიონი ლარით ანუ 15%-ით მეტია.

კომპანიების შემოსავლების ზრდა ქვეყანაში აბონენტების გაზრდილი რიცხვით არის განპირობებული. აგვისტოს მდგომარეობით ქვეყანაში 5,460,977 აქტიური აბონენტია, რაც წინა წელთან შედარებით 82,000 აბონენტით მეტია.

უფრო კონკრეტულად კომპანიების აბონენტთა რაოდენობა და ფინანსური შედეგები მიმდინარე წლის რვა თვეში ასე ნაწილდება:

  • “მაგთი” - 2,299,126 აბონენტი, შემოსავალი 286,375,747 ლარი, წლიური ზრდა 16%;
  • “სილქნეტი” - 1,859,594 აბონენტი, შემოსავალი 203,217,834 ლარი, წლიური ზრდა 16%;
  • “სელფი” - 1,302,257 აბონენტი, შემოსავალი 92,723,715 ლარი, წლიური ზრდა 12%.

აბონენტების რაოდენობა წელს ყველაზე მეტად “სილქნეტს” გაეზარდა, რომელსაც 60 ათასით მეტი აბონენტი ჰყავს. აბონენტების ზრდით მეორე ადგილზეა “მაგთი”, რომელსაც 37 ათასი მომხმარებელი შეემატა, “სელფის” აბონენტების რიცხვი კი 15 ათასით შემცირდა.

მომხმარებლების გაზრდილ რიცხვთან ერთად მომატებულია ერთი აბონენტიდან მიღებული საშუალო შემოსავალიც. “მაგთის” აბონენტი თვეში 14.36 ლარს იხდის (მატება 32 თეთრი), “სილქნეტის” აბონენტის ყოველთვიური საშუალო ხარჯი 12.74 ლარია (ზრდა 60 თეთრი), “სელფის” აბონენტისგან მიღებული საშუალო თვიური შემოსავალია 8.69 ლარი (მატება 96 თეთრი).

კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ჩანს, რომ მობილური ოპერატორების შემოსავალი სულ უფრო ნაკლებად არის დამოკიდებული ხმოვანი ზარების განხორციელებაზე. მაგალითად სექტემბრის განმავლობაში 450 მილიონი სატელეფონო ზარი შედგა, რაც წლიურად 16 მილიონი ზარით ნაკლებია. ხმოვანი სერვისის შემოსავალი კი 10.7 მილიონი ლარი იყო, რაც წლიურად 1.4 მილიონი ლარით არის შემცირებული.

გაზრდილია მობილური ინტერნეტის მოხმარება. აგვისტოში მობილური ოპერატორების აბონენტებმა 46,720 ტერაბაიტი ინტერნეტი მოიხმარეს, რაც წლიურად 24%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები