მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავლები აქვს "კარფურს" საქართველოში

კარფური

საქართველოს საცალო ვაჭრობის სექტორის ერთ-ერთმა ლიდერმა "კარფურმა" 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. ფრანგული კომპანია მსოფლიოს გარშემო 15 000 სუპერმარკეტით არის წარმოდგენილი და ის საქართველოს, თურქეთის და არაბეთის ქვეყნებში ფრენჩაიზის ხელშეკრულებით ოპერირებს. საქართველოში კომპანიის ფრენჩაიზიორია არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი მსხვილი ჰოლდინგის "მაჯიდ ალ ფუტაიმ კაპიტალის" ქართული შვილობილი "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია".

კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად 2023 წელს სუპერმარკეტების ქსელის ჯამური შემოსავლები 8.6%-ით, 804.8 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

2023 წელს "კარფურის" მიერ საქართველოში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება 626 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო საოპერაციო ხარჯები 163 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, პროდუქციის თვითღირებულებას პლუს საოპერაციო დანახარჯები მთლიანობაში 789 მილიონ ლარს შეადგენდა, აქედან გამომდინარე კომპანიის საოპერაციო მოგება 15.4 მილიონი ლარი იყო.

"კარფური" ფინანსურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ 2023 წელს მათ დასაქმებულთა ანაზღაურებები 9 მილიონი ლარით, 62.7 მილიონ ლარამდე გაზარდეს.

ანგარიშის მიხედვით, კომპანიას გასულ წელს ჰქონდა 12 მილიონი ლარის ფინანსური ხარჯები და 2 მილიონი ლარის ფინანსური შემოსავლები. მთლიანობაში 2023 წელი "კარფურმა" საქართველოში 5.7 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა.

"კარფური" საქართველოში 95 ობიექტით არის წარმოდგენილი, მათ შორის 2023 წელს კომპანიამ გახსნა 1 ჰიპერმარკეტი, 2 სუპერმარკეტი და 17 მცირე ფორმატის სუპერმარკეტი. კომპანია მთლიანობაში 2,917 ადამიანს ასაქმებს.

2023 წლის ბოლოსთვის მომხმარებელთა საერთო რაოდენობამ გადააჭარბა 33 მილიონს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები