საქართველოში Boeing-ის კონტრაქტორმა კომპანია "აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიებმა - ციკლონმა" 2023 წელს 12,059,000 ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით 18%-ით მეტი იყო.
კომპანია "ციკლონი" საქართველოს განვითარების ფონდის და ისრაელის ტექნოლოგიური კომპანია Elbit-ის ერთობლივი საწარმოა, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა. ქარხანა 2018 წელს გაიხსნა და მან ნაწილების რეალიზაცია 2019 წელს დაიწყო. საწარმო Boeing 787-ისთვის ამზადებს კომპონენტებს და შესაბამისად, აღნიშნული მწარმოებლის შეკვეთების მოცულობაზე არის დამოკიდებული.
საქართველოს განვითარების ფონდის ანგარიშის თანახმად, ამ დროისთვის ქარხანაში 120-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, რომლებმაც კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადამზადება ისრაელის კომპანია „ელბიტ საიკლონის“ სპეციალისტებთან გაიარეს. სწავლება ეტაპობრივად გრძელდება. ქარხანა ISO-ს სერტიფიკატსა და „Boeing“-ის შესაბამისობის სერტიფიკატს ფლობს.
კომპანია Boeing 787-ის ფიუზელაჟის კომპოზიტურ ნაწილებს აწარმოებს.
ქარხნის კაპიტალი 60 მილიონ დოლარს შეადგენს. კომპანიის დეტალური ფინანსური ანგარიში ჯერჯერობით გამოქვეყნებული არაა, ხოლო 2022 წლის მდგომარეობით კომპანიას მოგების ნაცვლად 7.7 მილიონი დოლარის ზარალი ჰქონდა, ხოლო კომპანიის მიერ ჯამურად წლების განმავლობაში აკუმულირებული ზარალი 49.8 მილიონი დოლარი იყო.




























