მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში შეძლებენ ქიმწმენდის ობიექტები ფუნქციონირების გაგრძელებას?

ქიმწმენდა

ქიმწმენდის ობიექტებისთვის რეგულაციები შემსუბუქდა. გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კანონი აღარ კრძალავს მათ საცხოვრებელ კორპუსებში, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში განთავსებას.

უნდა აღინიშნოს, რომ პირველი მარტიდან ამოქმედებული დადგენილების მიხედვით, ქიმწმენდის ობიექტების მოწყობის, ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებზე ზედამხედველობა შრომის ინსპექციის სამსახურმა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყო.

დადგენილების მიხედვით, დაუშვებელია ქიმწმენდის საწარმოების განთავსება საცხოვრებელი, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში. ასევე, შეზღუდულია აღნიშნული შენობების სიახლოვეს განთავსებაც. კერძოდ, დიდი ქიმწმენდები მსგავსი შენობებისგან მინიმუმ 100 მეტრით უნდა იყვნენ დაშორებულნი, ხოლო მინი ქიმწმენდები - 50 მეტრით. მინი ქიმწმენდის განთავსება დასაშვებია საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების ზონებში, ადმინისტრაციულ შენობებსა და სასტუმროებში.

რეგლამენტში შესული ცვლილებების მიხედვით კი ის ობიექტები, რომლებიც ოპერირების აღნიშნულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, ფუნქციონირების გაგრძელებას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ შრომის ინსპექციის სამსახურში მუშაობის გაგრძელების შესახებ თანხმობის მისაღებად განცხადებით მიმართავენ. განცხადებას თან უნდა ახლდეს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.

განაცხადის საფუძველზე შრომის ინსპექციის სამსახური 10 სამუშაო დღის განმავლობაში ქიმწმენდის ობიექტების რეგლამენტთან შესაბამისობას შეამოწმებენ და განაცხადთან ერთად შესულ დოკუმენტაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს გადაუგზავნის. თავის მხრივ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება 5 სამუშაო დღის ვადაში შეამოწმებს ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე მავნე ნივთიერებებით ჰაერის დაბინძურების მდგომარეობას და შრომის ინსპექციას ობიექტის რეგლამენტთან შესაბამისობის დასკვნას გაუგზავნის.

რეგლამენტში შესული ცვლილებები განსაზღვრავს შრომის ინსპექციის სამსახურის უფლებამოსილებას განმცხადებელს მოსთხოვოს ან სხვა დაწესებულებისგან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია. ამასთან ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული შრომის ინსპექციის სამსახურს შეუძლია შეამოწმოს ობიექტის სივრცე და გარე ტერიტორია და ასევე ქიმწმენდის ობიექტის ერთჯერადად გაშვება მოითხოვოს, რათა დაადგინოს შეესაბამება თუ არა მისი ფუნქციონირება რეგლამენტის მოთხოვნებს.

იმ შემთხვევაში თუ ობიექტი დააკმაყოფილებს ორივე უწყების შემოწმებას, შრომის ინსპექციის სამსახური ობიექტის ფუნქციონირების შესახებ თანხმობას გასცემს.

როგორც BM.GE-ს შრომის ინსპექციის სამსახურში განუმარტეს, ქიმწმენდის ობიექტები, რომლებიც რეგლამენტის მეოთხე მუხლის პირველ - მესამე ქვეპუნქტებს ვერ აკმაყოფილებენ, ფუნქციონირების გაგრძელებას იმ შემთხვევაში შეძლებენ თუ ამ შეუსაბამობას რეგლამენტის მიხედვით გამოასწორებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები