მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში ჩაერთვებიან კომპანიები „მშენებლობა განვადებით“ პროექტში? - ანა საბახტარიშვილის განმარტება

633eb116463cd
თათია ჩაფიჩაძე
06.10.22 20:30
1105
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ანა საბახტარიშვილის განცხადებით, ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიების დიდ ნაწილს სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული პირობებით „მშენებლობა განვადებით“ პროექტებში მონაწილეობის ფინანსური რესურსი არ გააჩნია.

„საქმიანი დილას“ ეთერში საბახტარიშვილმა განმარტა, რომ კომპანიები საჭირო დაფინასებას ვერც ბანკებისგან იღებენ, რაშიც მათ სახელმწიფოს მხრიდან მედიატორის როლის შესრულება სჭირდებათ.

"ინდექსაციაზე პოზიტიურად ვსაუბრობთ თუმცა ამ განკარგულების ერთი პრობლემა ერთჯერადობაა, მეორე პრობლემა კი ალოგიკური ზღვრებია, რომელიც ჩადებულია. მაშინ, როცა ბუნებრივ ზღვარს წარმოადგენს საქსტატის მიერ მოცემული ციფრი გაზრდასა თუ შემცირებაზე, სრულიად ზედმეტი იყო დამატებით 10%-იანი ჩამკეტის ჩადება და ხელშეკრულების საერთო ღირებულების ჩამკეტად ჩადება. ამ განვადებით მშენებლობასაც, რომ თავი დავანებოთ, ისედაც კომპანიებს შეეძლებათ მხოლოდ 7%-ის ფარგლებში აინაზღაურონ ზარალი, გაგვიმართლა, რომ ბოლო პერიოდში ფასები დარეგულირდა და კიდევ არ გაიქცა ზემოთ, თორემ ესეც იქნებოდა უშედეგო.

რაც შეეხება ამ პროექტს, 5 წლიან ჭრილში ინფლაციის, სახელფასო ფონდის ზრდის, მასალების ზრდის პირობებში, ალბათ ყველა ხვდება რომ 7% არაფერი არ არის, ეს მიზერული ნაწილია იმისა, თუ რა რისკს იღებს კომპანია როცა ასეთი ტიპის პროექტში შედის. მითუმეტეს ჯერ რაც ვნახეთ ტენდერები იქ არ არის საავანსო გადახდა გათვალისწინებული, რაც ცხადია კომპანიას კიდევ უფრო ურთულებს პროექტში შესვლას.

სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს სხვადასხვა პირობებით ტენდერების გამოცხადების შესაძლებლობა აქვთ, გვაქვს მოლოდინი, რომ გაუმჯობესდება და მინიმუმ ავანსები ჩაიდება, რადგან ერთია პირობები და დიზაინი პროექტის და მეორეა ვინ უნდა შეასრულოს. ინფრასტრუქტურის კომპანიები არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ ვისაუბროთ საბრუნავ საშუალებებზე, რომელიც საკმარისი იქნება ამხელა პროექტების შესრულებაზე. ამიტომ ცოტათი მაინც უნდა დავუახლოვოთ ეს პირობები ქართულ რეალობას და კომპანიების მზაობას, მათ შორის პირველი ცხადია ეს არის ინდექსაციის დატოვება და ამავდროულად ამ ჩამკეტი მექანიზმების მოხსნა განვადების შემთხვევაში მაინც.

მეორე ეს არის ავანსების გაცემა და კიდევ უფრო მეტი კომუნიკაცია საბანკო სექტორთან, რომელიც სამწუხაროდ არ ენდობა ინფრასტრუქტურულ კომპანიებს რისი მიზეზებიც აქვთ იმის გამო რაც ხდება ბაზარზე. ამიტომ მეტი კომუნიკაცია და მექანიზმები, რომლითაც გამოვავლინოთ კეთილსინდისიერ კომპანიებს, მათ რომლებსაც ძალუძთ ამ პროექტების შესრულება, ალბათ სახელმწიფოს ფუნქციაში ესეც უნდა შევიდეს, ერთგვარი მედიატორის როლი, რომელსაც ამ ნაწილში შეასრულებს. თუ პირობები დაუახლოვდება კომპანიების შესაძლებლობებს მაშინ ცხადია 3 წლიან ვადაში დაანოსებული 3.5 მლრდ ლარის ათვისება შესაძლებელი იქნება,“ - განაცხადა საბახტარიშვილმა.

საქართველოს მთავრობამ "მშენებლობა განვადებით" აპრილში, როგორც მასშტაბური პროგრამა ისე დააანონსა. მისი დაწყების ოფიციალურ თარიღად კი 28 ივლისი სახელდება, როდესაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ბოლნისის რაიონის სოფლების წყალმომარაგებისთვის ₾36.6-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა. 29 ივლისს ასევე წყალმომარაგების კომპანიის მიერ ამჯერად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის წყალმომარაგების ახალ სისტემის გაყვანისთვის მეორე, 35.7 მლნ ტენდერი გამოქვეყნდა.

ამ დრომდე ამ ჩამონათვალს 78 მლნ ლარიანი ტენდერი შეემატა, რომლის ავტორი ისევ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ამჯერად სარეაბილიტაციო სამუშაოები ლანჩხუთსა და ოზურგეთში უნდა შესრულდეს.

სატენდერო პირობების მიხედვით, მთავარი სხვაობაა გადახდის სისტემა, რომლითაც პროექტის დაფინანსება მოხდება. თუკი აქამდე სამშენებლო კონტრაქტებში გავრცელებული პრაქტიკა იყო ბიუჯეტის მიერ შესყიდვის პირველივე წელსვე მსხვილი ავანსის ჩარიცხვა, განვადებით მშენებლობის შემთხვევაში პროექტი ავანსის გარეშე დაიწყება.

სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერის პრეტედენტებმა უნდა წარადგინონ ქართული ან უცხოური ბანკის მიერ გაცემული საკრედიტო ხაზი, რომლის ღირებულებაც პროექტის ჯამური საფასურის არანაკლებ 10%-ია. სწორედ მოზიდული სესხით ან საკუთარი კაპიტალით უნდა დაიწყოს კომპანიამ პროექტის მშენებლობა.

სახელმწიფო 3 წელიწადში 2.5,- 3 მლრდ ლარის დახარჯვას პროგრამის განხორციელებით კი 20 000 ადამიანის დასაქმებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები