მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში გავა ქართული ფუტკარი ექსპორტზე - FAO-მ შეხვედრა გამართა

630ddda3ed5aa
BM.GE
30.08.22 13:47
1317

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტისა და FAO-ს ორგანიზებით საქართველოში ფუტკრის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და დედა ფუტკრის ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

FAO-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მასში ორგანიზატორებთან ერთად, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების გუნდი, ფ.ბენტონის მეფუტკრეობის საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები და დარგის დამოუკიდებელი ექსპერტები.

"შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მეფუტკრეობის დარგში ბოლო ათწლეულის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები, მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები, საქართველოდან დედა ფუტკრის ექსპორტის საკითხები, რომელშიც მნიშვნელოვან როლს ფუტკრის ოჯახების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ითამაშებს. NAITS-ის წარმომადგენლებმა მხარეებს საქართველოში ცხოველთა იდენტიფიკაციის რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის ციფრული პლატფორმის გამოყენების შესაძლებლობები და უპირატესობები წარუდგინეს.

NAITS-ის, ანუ, ცხოველთა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის ეროვნული სისტემის მეორე ფაზა საქართველოში 2022 წელს დაიწყო, მას საქართველოს სურსათს ეროვნული სააგენტო FAO-ს ტექნიკური მხარდაჭერითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. NAITS-ის ელექტრონული სისტემა აერთიანებს ინფორმაციას შინაური ცხოველების (მათ შორის, საფუტკრეების) შესახებ, რომელთა იდენტიფიცირებასაც კანონი ითვალისწინებს. ასევე, მათი ადგილსამყოფელის, მათზე განხორციელებული
მანიპულაციებისა და მფლობელების/პასუხისმგებელი პირების შესახებ ინფორმაციას მთელი საქართველოს მასშტაბით,"- ნათქვამია FAO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„კავკასიური ფუტკრის დედების წარმოებისა და ექსპორტის შესაძლებლობა ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა ქართული მეფუტკრეობისთვის. შეხვედრა ფოკუსირებული იყო იმ მთავარ წინაპირობებზე, რომლებიც დედა ფუტკრის ექსპორტის განსახორციელებლად სასიცოცხლოდ არის მნიშვნელოვანი. დედა ფუტკრის იმპორტიორი ქვეყნები ისევე, როგორც, თაფლის იმპორტისას, საქართველოსგან მოითხოვენ ქვეყანას ჰქონდეს საიმედო გარემო მეფუტკრეობასთან დაკავშირებული ბიოლოგიური და ქიმიური საფრთხეების კონტროლის თვალსაზრისით, რათა გამოირიცხოს ფუტკრის დაავადებებისა და მავნებლების გავრცელება ექსპორტის შემთხვევაში“, - განაცხადა ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ.

„NAITS II - უკვე აქტიურ ფაზაში შედის. ამ ეტაპზე ჩვენი ძირითადი მიზანია, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს გავაცნოთ მიკვლევადობის ეროვნული სისტემის ციფრული პლატფორმის მნიშვნელობა და შესაძლებლობები. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული შეხვდრის ინიციატორები კერძო სექტორის წარმომადგენლები იყვნენ, ვინაიდან მათთვის კარგად არის ცნობილი, რომ ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და ცხოველური წარმოშობის პროდუქციის მიკვლევადობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეროვნულ დონეზე, არამედ გადამწყვეტ როლს თამაშობს ექსპორტისა და საერთაშორისო პარტნიორების მოძიების დროს“, - განაცხადა მიხეილ სოხაძემ, NAITS-ის პროექტის მენეჯრმა.

იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს სფეროში არსებული სხვა გამოწვევები და სამომავლო შესაძლებლობები, მათ შორის, მეფუტკრეობის პრაქტიკის და წარმოებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ფერმის (ამ შეთხვევაში საფუტკრეების) მართვის თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვა, სელექციის სტრატეგიის შემუშავება/დანერგვა, დედა ფუტკრისა და ფუტკრის პროდუქტების სრული მიკვლევადობის უზრუნველყოფა, კავკასიური ფუტკრის, როგორც მდიდარი და საქართველოსთვის ავთენტური ბიომრავალფეროვნების უმნიშვნელოვანესი რესურსის კონსერვაციის საკითხის გადაჭრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები