მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შესაძლებლობებს აჩენს სამედიცინო უნივერსიტეტში გახსნილი Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი მეცნიერებისთვის?

62ad93edc5f15
BM.GE
18.06.22 13:07
1075
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა, რომელიც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში საქართველოს სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელთა წარმატებულ მონაწილეობას შეუწყობს ხელს. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნის ღონისძიებაზე Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი მიზეზის გამო შევიკრიბეთ – საზეიმოდ გავხსენით Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი, რომლის ფუნქცია იქნება ევროკავშირის 95,5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის საგრანტო პროგრამაში საქართველოს სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელთა წარმატებული მონაწილეობისთვის ქართველ მკვლევართა ჯგუფების დახმარება, კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა. პატივი მხვდა წილად, 2021 წლის 7 დეკემბერს ბრიუსელში საზეიმო ვითარებაში ხელი მომეწერა საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაზე ევროკავშირის ამ უაღრესად მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევით საგრანტო პროგრამა Horizon Europe-ში, რაც არის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების მიმართულებით.

Horizon Europe გახლავთ ჭეშმარიტად უპრეცედენტო მოცულობის საგრანტო პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ჩვენს მეცნიერებს, ერთობლივი პროექტები განახორციელონ ევროპელ კოლეგებთან ერთად. ამ თანამშრომლობას ჩვენს სამეცნიერო ინსტიტუტებში მიმდინარე კვლევები ახალ განზომილებაში გადაჰყავს. პროგრამის ფარგლებში, ჩვენი მეცნიერები სარგებლობენ ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით, რაც აქვთ მათ კოლეგებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. Horizon Europe-ის პროგრამაში საქართველოს ასოცირებამ ნამდვილად ახალი შესაძლებლობების კარი გაუხსნა ჩვენს მეცნიერებს, ინოვატორებს, უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს.

სასიხარულოა, რომ Horizon Europe-ის ოფისი დღეს უკვე აქ, უდიდესი ტრადიციების მქონე სამედიცინო უნივერსიტეტში გავხსენით, რომელიც საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და მედიცინის მეცნიერებების განვითარების მთავარ კერას წარმოადგენს. სწორედ ამ უნივერსიტეტის წიაღში აღზრდილი ექიმების პროფესიონალიზმი და მუხლჩაუხრელი შრომა მსოფლიო პანდემიამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა“, - განაცხადა ჩხენკელმა.

უწყებაში განმარტავენ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს Horizon Europe-ის საგრანტო ოფისების ქსელის გაფართოება. საგრანტო ოფისები უკვე გაიხსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. პროცესი გრძელდება და ეტაპობრივად საქართველოს ყველა საჯარო უნივერსიტეტს მოიცავს.