აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ადმინისტრაციამ ფარმაცევტულ გიგანტებთან, Eli Lilly-სთან და Novo Nordisk-თან, ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების ფასების მნიშვნელოვნად შემცირებაზე შეთანხმებას მიაღწია. ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც მიზნად ისახავს ძვირად ღირებული, მაგრამ მაღალი ეფექტურობის პრეპარატების ხელმისაწვდომობის გაფართოებას.
შეთანხმებების შედეგად, ე.წ. GLP-1 ტიპის მედიკამენტების ფასები შემცირდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების: Medicare-ისა და Medicaid-ის - ბენეფიციარებისთვის 2026 წლიდან, ტრამპის ადმინისტრაცია კი მედიკამენტებს მომხმარებლებს ფასდაკლებით შესთავაზებს სპეციალურ ვებგვერდზე TrumpRx.gov., რომელიც იანვარში ამოქმედდება.
ეს ნიშნავს, რომ Medicare-ის პროგრამა პირველად დაფარავს ჭარბი წონის სამკურნალო პრეპარატებს 2026 წლის შუა პერიოდიდან, რაც მნიშვნელოვნად გააფართოებს ამ წამლების ბაზარს და, სავარაუდოდ, დაფინანსებისკენ კერძო დაზღვევებსაც უბიძგებს. Medicare-ის მონაწილე პაციენტები წინასწარ დამტკიცებულ GLP-1 ინექციასა თუ აბებში, თვეში მხოლოდ $50-ს გადაიხდიან, თანაგადახდის სახით.
ტრამპის ადმინისტრაციიდან ერთ-ერთი წყაროს თქმით, რეგულატორული თანხმობის მიღების შემდეგ, Eli Lilly-სა და Novo Nordisk-ის ჭარბი წონის საწინააღმდეგო ახალი აბების საწყისი დოზების ღირებულება თვეში $149 იქნება იმ პაციენტებისთვის, ვინც მათ Medicare-ის, Medicaid-ის ან TrumpRx-ის საშუალებით შეიძენს.
ამასთან, Novo Nordisk-ის ინექციის Wegovy-ის, პრეორალური ვერსია შესაძლოა ბაზარზე წლის ბოლოსთვის გამოჩნდეს, ხოლო Eli Lilly-ს ახალი აბი, სახელად orforglipron - მომავალ წელს. აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) უკვე განაცხადა, რომ Eli Lilly-ს პრეპარატს პრიორიტეტული განხილვის სტატუსი მიანიჭა, რაც მარეგულირებლის მიერ განხილვის ვადას ამცირებს.
რაც შეეხება უკვე არსებულ პრეპარატებს, მაგალითად Novo Nordisk-ის Wegovy-ის და Lilly-ს Zepbound-ის საწყისი ფასი TrumpRx-ზე თვეში $350 იქნება, თუმცა წყაროს თქმით, ეს ღირებულება „ეტაპობრივად დაიკლებს“ და ორ წელიწადში თვეში $245-მდე შემცირდება.



























