ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გავლენიან ამერიკულ მედიას ინტერვიუს მისცა და 60 Minutes-ის გადაცემის ფორმატში ღიად ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ დამარცხდა მისი პოლიტიკური პარტია არჩევნებში ასე მძიმედ.
თეთრი სახლის ლიდერმა, რომელიც შეცდომებს თითქმის არასდროს აღიარებს, ამჯერად პირდაპირ ისაუბრა საკუთარ არასწორ ნაბიჯებზე. მის მთავარ გზავნილებს სწორედ ამ სტატიაში გაეცნობით.
შუალედურ არჩევნებში განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, დონალდ ტრამპმა კამერების წინ დეტალურად დაიწყო იმის ახსნას, თუ რატომ გაუცრუვდა იმედი ამერიკელ ამომრჩეველს. პირველ მიზეზად მან სუსტი კანდიდატები დაასახელა. თუმცა ამ ვითარებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ნაკლებად აიღო და მარცხი მეტად სხვებს და არასწორ კომუნიკაციას გადააბრალა.
პრეზიდენტმა აღიარა, რომ მიუხედავად 28 დღეში ჩატარებული 30 მასშტაბური შეხვედრისა, მან საკუთარი პირადი რეიტინგი და ამომრჩევლის სიყვარული პარტიის კანდიდატებს ვერ "გადაულოცა".
„პირველ რიგში, საარჩევნო ბიულეტენში მე თავად არ ვყოფილიყავი, თუმცა რამდენიმე კანდიდატისთვის თავდაუზოგავად ვიბრძოლე. ბიულეტენში ჩემი გვარი რომ ყოფილიყო, სურათი სრულიად სხვაგვარი იქნებოდა, რადგან თქვენ თავად ნახეთ პოპულარობისა და სიყვარულის ის დონე, რაც შეხვედრებზე სუფევდა. შუალედური არჩევნებისთვის ასეთი მასშტაბური მიტინგები არავის უნახავს - დარბაზების გარეთ ათასობით ადამიანი იდგა, რომლებიც შიგნით ვერ ეტეოდნენ. მაგრამ პრობლემა ის აღმოჩნდა, რომ ამ ამომრჩეველს თავად კანდიდატები არ მოსწონდა. თუმცა, იყო კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორიც: ამომრჩეველს არ მოეწონა ომი და საწვავის გაძვირება. აიოვაში ბენზინის ფასი გალონზე 1 დოლარსა და 85 ცენტამდე მქონდა ჩამოყვანილი, ახლა კი ფასი 3.5-4 დოლარამდე ავიდა. მართალია, ეს მაინც უფრო დაბალია, ვიდრე ბაიდენისა და ობამას დროს იყო, მაგრამ ყველაფერი ომს დაბრალდა. ამას ემატება ისრაელის მიმართ გაჩენილი უკმაყოფილებაც. ვფიქრობ, სწორედ ომი, საწვავის ფასები და არასწორი კომუნიკაცია გახდა მთავარი მიზეზი, რადგან მედია ჩვენს რეკორდულ ეკონომიკურ მაჩვენებლებს უბრალოდ არ აშუქებდა.“
გარდა ომისა და საწვავის ფასებისა, რომლებმაც ეკონომიკური ზრდის მაჩვნებლები გადაფარა, ამომრჩევლის უკმაყოფილების მიზეზი გახდა ის უხეში საიმიგრაციო პოლიტიკაც, რომელმაც ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაპირება, ქვეყნის არალეგალი მიგრანტებისაგან დაცლა სისხლიან პროცესად აქცია და რიგითი ამერიკელების სიცოცხლეც კი იმსხვერპლა. სწორედ ეს იყო კიდევ ერთი საკითხი, რაზე საუბრისასაც ტრამპმა თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღო და აღიარა, რომ ეს შეცდომა იყო.
პრეზიდენტმა ღიად თქვა, რომ დეპორტაციების კამპანია ზედმეტად მკაცრი აღმოჩნდა და ამან პარტიაც და მისი სახელიც პოლიტიკურად დააზარალა. ჟურნალისტთნა საუბრისას მან თავი იმით მაინც შეიქო, რომ ბოლო 17 თვის განმავლობაში სამხრეთ საზღვარი უკანონოდ აღარავის გადაუკვეთავს და ქვეყნიდან 11,888 მკვლელის გაძევებაც მოხერხდა, მაგრამ იქვე აღიარა შეცდომა - რომ რეიდებს კრიმინალებთან ერთად ის ადამიანებიც შეეწირნენ, რომლებიც წლების განმავლობაში სასტუმროებში თუ მომსახურების სხვა სფეროებში ჩვეულებრივად მუშაობდნენ და გადასახადებსაც იხდიდნენ.
„კრიმინალების გაძევებისთვის უმაღლეს შეფასებას ვიღებ, მაგრამ პოლიტიკურად ნამდვილად დავზარალდი იმიტომ, რომ ქვეყნიდან გავიყვანეთ ის ადამიანებიც, რომლებსაც კარგი სამსახურები ჰქონდათ და მხოლოდ ერთი კანონდარღვევა აღენიშნებოდათ - ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლა. საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ თუ ადამიანი კეთილსინდისიერად მუშაობს გამწვანების კომპანიაში ან სასტუმროში და გადასახადებს იხდის, მას დარჩენის უფლება უნდა მიეცეს. ვფიქრობ, ჩვენი სადეპორტაციო პოლიტიკა ზედმეტად მკაცრი აღმოჩნდა და საბოლოო ჯამში, ამან დამაზარალა. როდესაც შედიხარ სასტუმროში, ითხოვ საბუთებს და ქვეყნიდან აძევებ ქალს, რომელიც იქ დამლაგებლად ან მიმტანად წლებია მუშაობს, ეს ძალიან მძიმე სანახავია. ამიტომ, დემოკრატებთან შეთანხმებას არ გამოვრიცხავ. ვფიქრობ, მოვილაპარაკებთ, რომ გავაძევოთ მკვლელები, მოძალადეები და ნარკოდილერები, მაგრამ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აქ 10 და 15 წელია ცხოვრობენ და მუშაობენ, შევქმნათ გარკვეული სამართლებრივი სტატუსი.“
მართალია, ტრამპმა დეპორტაციის მკაცრი მეთოდების უარყოფითი შედეგებიც აღიარა და ირანის ომიც მის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გამოაცხადა, თუმცა როცა საუბარი ისევ საგარეო პოლიტიკაზე მიდგა, პრეზიდენტმა დრო მეტად მისი და მისი გუნდის დადწებითად წარმოჩენას დაუთმო. ტრამპმა თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტს, რომელსაც ბოლო დღეებია იმპიჩმენტს უწინასწარმეტყველებენ, სრული ნდობა გამოუცხადა. ამასთან, მან ირანში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებს "უბადლო" უწოდა.
უბადლო, რადგან ვიეტნამის, ერაყისა და ავღანეთის მრავალწლიანი ომებისგან განსხვავებით, სადაც ათობით ათასი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, ირანის 7-8-თვიან კამპანიას ჯამურად მხოლოდ 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სანაცვლოდ, განადგურდა თეირანის ბირთვული ობიექტები, განადგურებას გადარჩა ისრაელი და სრული კონტროლი დამყარდა ჰორმუზის სრუტეზე.
„ჰორმუზის სრუტე დღეს გახსნილია და იქ იმაზე მეტი ნავთობი გადის, ვიდრე ომის დაწყებამდე გადიოდა, რადგან იქ ამერიკის სამხედრო ფლოტი დგას. როცა ვინმე გაგვაკრიტიკებს, გაახსენეთ ეს ციფრები: ავღანეთში 20 წლის განმავლობაში ათასობით ადამიანი დაგვეღუპა, ერაყში 5 000, ვიეტნამში 60 000, კორეაში კი - 40 000. ჩვენ კი ირანში, 7-8 თვის განმავლობაში მხოლოდ 18 ადამიანი დავკარგეთ. თანაც ისე, რომ მივაღწიეთ მთავარს - ირანს ბირთვული იარაღი აღარასდროს ექნება.“
როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, შუალედური არჩევნების წაგებამ თეთრი სახლის ლიდერს თავისი კვალი დაატყო. მართალია, ის მიღწეული შედეგებით კვლავაც ამაყობს, თუმცა ისეთივე სიამაყით აღარ საუბრობს ყველა მიღებულ გადაწყვეტილებაზე. აღიარებს, რომ შეცდომები დაუშვა და იმასაც იაზრებს, რომ დემოკრატებთან მუშაობა მოუწევს.
























