მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეუძლია გააკეთოს ევროპულმა მხარემ? ერთი საკითხია სანქციები, მეორე – უვიზოს შეზღუდვა - კაია კალასი

კაია კალასი

"ჩვენ განვიხილავთ, რა შედეგები მოჰყვება იმას, რომ საქართველოს მთავრობა იყენებს რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ. რა შეუძლია გააკეთოს ევროპულმა მხარემ, ერთი საკითხია რა თქმა უნდა სანქციები, ხოლო მეორე უვიზოს შეზღუდვა", - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა და აღნიშნა: "საქართველოში მიმდინარე მოვლენებს რასაც ვუყურებთ არ მიდის სწორი მიმართულებით, რა მიმართულებითაც კანდიდატი ქვეყანა უნდა მიდიოდეს".

დღეს, 16 დეკემბერს, დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა, სადაც უკრაინასა და სირიაში მიმდინარე საკითხებთან ერთად საქართველოზეც იქნება მსჯელობა. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას პირველად უხელმძღვანელებს ახალარჩეული უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.

მისი თქმით, დასასანქცირებელ პირთა სია უკვე მომზადებულია და ახლა ევროკავშირის 27-მა სახელმწიფომ უნდა დაუჭიროს მხარი.

"ეს სია უკვე შეთავაზებულია და ამას განვიხილავთ. საჭიროა, რომ ყველა დაეთანხმოს ამას, რისთვისაც არ მიგვიღწევია ჯერ. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, პრეზიდენტი [სალომე ზურაბიშვილი] იქნება პოსტზე 29 დეკემბრამდე და მანამდე შეიძლება ძალიან ბევრი რამ მოხდეს", - ამბობს კალასი.

გასულ კვირაში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ევროკავშირის მხრიდან სანქციებს საჭიროებს. აქციის მონაწილეების დარბევაზე ევროკავშირის პასუხებს შორის შესაძლოა იყოს უვიზო რეჟიმის შეჩერება კონკრეტული კატეგორიის პასპორტების მქონე პირებისთვის. ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესებას ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება.

"რაც საქართველოში ხდება ბოლო 12 დღის განმავლობაში, ცხადად საჭიროებს სანქციებს. მე ვიცი, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა სანქციების მოსამზადებლად. შეთანხმების მიღწევა 27-ვე დედაქალაქზე დამოკიდებული“, - თქვა ჰერჩინსკიმ 9 დეკემბერს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები