გუდაური-კობის გზის მონაკვეთსა და ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების - ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მოხდება, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე კი მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
რაც შეეხება ნაქერალას უღელტეხილს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თოვის გამო აიკრძალა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.