მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შეზღუდვებს აწესებს ბრიტანული სანქციები „იმედისა“ და POSTV-ისთვის - აკაკი ცომაიას განმარტება

აკაკი ცომაია

24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა "ტელეიმედი" და "პოსტვ" დაასანქცირა. სანქციების განმარტებაში ნათქვამია, რომ არხების დასანქცირება რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის მოხდა.

სანქციები მოიცავს: აქტივების გაყინვას, ტრასტის მომსახურების აკრძალვას და დირექტორის უფლებამოსილების ჩამორთმევის (დისკვალიფიკაციის) სანქციას.

ეკონომისტი აკაკი ცომაია სანქციების შინაარსის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ სანქციები პირველ რიგში უკრძალავს ბრიტანეთში რეგისტრირებულ კომპანიებს სანქცირებულ ტელევიზიებთან რაიმე გარიგებაში შესვლას. ამასთან აკაკი ცომაია აღნიშნავს, რომ საბანკო დაწესებულებებს შიდა ოპერაციების შესრულება ამ არხებთან ვალდებულების წესით არ ეკრძალებათ, თუმცა აღნიშნული ოპერაციების შესრულება მათთვის უკვე რისკს წარმოადგენს, რადგანაც გარიგების მეორე მხარე არის სანქცირებული. აკაკი ცომაია აღნიშნავს, რომ სანქცირებულ ტელევიზიებთან გარიგებაში მონაწილეობა ახლა უკვე მნიშვნელოვან რეპუტაციულ რისკებსაც შეიცავს.

"ბევრი პოსტი შემხვდა და ჩემი აზრით, გაზვიადებული შეფასებებია სანქციების შინაარსთან დაკავშირებით. ბევრი მსჯელობაა იმაზე, თუ როგორ მოიქცევიან სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტები და საერთაშორისო კომპანიები. შეძლებენ თუ არა ვიზა და მასტერქარდით სარგებლობს, დაუხურავენ თუ არა ბანკები ანგარიშებს. შეიძლება ყველაფერიც მოხდეს, მაგრამ ეს მხოლოდ მსჯელობაა და სხვა არაფერი. მკითხაობა ქმნის ცრუაღქმებსა და მოლოდინებს. ჩვენ მხოლოდ იმ მოცემულობიდან უნდა გამოვიდეთ, თუ რა ვაღდებულებები წარმოექმნებათ სხვადასხვა სუბიექტებს სანქცირებული ტელევიზიების მიმართ.

სანქცია კი მოიცავს შემდეგს და არაფერს ამაზე მეტს. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც UK იურისდიქციის ქვეშ მოქმედებენ მთელს მსოფლიოში, ეკრძალებათ დასანქცირებულ პირთან რაიმე ტიპის გარიგება. აშშ-ს სანქციებისგან განსხვავებით, ის მესამე პირზე არ ვრცელდება.

იურიდიულად, არც TBC-ს და არც საქართველოს ბანკს არ ეკრძალება დასანქცირებულ პირებთან გარიგება მიუხედავად იმისა, რომ მათი მფლობელი ჰოლდინგური კომპანიები ბრიტანული იურისდიქციის ზონაშია. ორივე კომპანია დაფუძნებულია საქართველოში და ოპერირებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

არასწორია, რომ დასანქცირებულ კომპანიებს ვიზა და მასტერ ქარდის გამოყენება ეკრძალებათ. ისიც არასწორია, რომ მეტას ან იუთუბს ეკრძალება ტრანზაქცია დასანქცირებულ პირებთან. ყველა ეს კომპანია ამერიკული კომპანიაა და ამერიკული პროდუქტია.

თუმცა, საერთაშირისო ტრანზაქციების ნაწილში, იმდენად დიდი გავლენა აქვს ბრიტანულ ფინანსურ სექტორს, რომ გლობალურ გადარიცხვების სისტემაში, დიდი ალბათობით, ყველას და ყველაფერს უწევს ბრიტანულ საკლირინგო სისტემასთან გადაკვეთა. ეს კი რისკია. დასანქცირებულ პირებთან საერთაშორისო ტრანზაქციები რისკია, მაგრამ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ რისკი და ვალდებულება.

ვინაიდან ვიზა და მასტერ ქარდს არ ეხება, ადგილობრივი ტრანზაქციები თითქმის ურისკოა. ხოლო სრულიად ურისკოა თუ საქმე ეხება ოპერაციას ერთი ბანკის შიგნით.

ანალოგიურად, საერთაშორისო ლიცენზირებული პროექტების თუ პროგრამების შეჩერების ვალდებულება არ წარმოექმნება იმ საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც ბრიტანული იურისდიქციის ზონაში არ ხვდებიან, მაგრამ სხვა საკითხია ურთიერთობა სანქცირებულ პირთან. ეს უკვე რეპუტაციის საკითხია და არა ვალდებულება.

ანალოგიურად, საერთაშორისო კომპანიებმა, რომლებიც UK იურისდიქციის ზონაში არ არიან და რეკლამა მიაქვთ სანქცირებულებთან, უნდა იხელმძღვანელონ მხოლოდ მათი მორალური პრინციპების მიხედვით და მოუფრთხილდნენ საკუთარ რეპუტაციას,"- წერს აკაკი ცომაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები