„ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აშშ-ს მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მიუხედავად, ქვეყანას არაფერი ემუქრება და ყველაფერი კარგად იქნება. მან გაიკვირვა, ჟურნალისტის მიერ საქართველოს SWIFT-დან შესაძლო გათიშვაზე დასმული შეკითხვაც, რაც შესაძლოა სანქციებს მოყვეს.
"რა შუაშია SWIFT-ი? რომელიმე ქვეყანაში შევიჭერით თუ რა გავაკეთეთ, ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით? - მარტო რუსეთს არ ვგულისხმობ ამაში. ნუ ოცნებობთ ასეთ რაღაცებზე, ქვეყანას არაფერი ემუქრება, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ დაცული იქნება ამ ქვეყნის ინტერესები.
ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. 2025 წელი ქვეყნისთვის იქნება ძალიან წარმატებული და ჩვენ მომავალ წელსაც ისე მკაცრად დავიცავთ ამ ქვეყნის ინტერესებს, როგორც ამას ვაკეთებდით ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მან ასევე, კიდევ ერთხელ განაცხადა რომ ახალი არჩევნები არ იქნება:"რა ახალი არჩევნები? რა შუაშია? არჩევნები იქნება 2028 წლის 28 ოქტომბერს".
ინფორმაციისთვის: SWIFT -ი იშიფრება როგორც Society for Worldwide Interbank Financial Telecommunications-ი. დანიშნულების მიხედვით სვიფტი არის ბანკთაშორისი კომუნიკაციის საერთაშორისო სისტემა, რომელსაც ბანკები იყენებენ ინფორმაციის სწრაფად და უსაფრთხოდ გასაცვლელად. ინფორმაციის სწრაფად და უსაფრთხოდ გაცვლა კი საჭიროა საბანკო ტრანზაქციებისა და გადახდების (ანგარიშსწორების) განსახორციელებლად. თუ ბანკებს ხელი არ მიუწვდებათ სვიფტზე, მაშინ ამ ბანკების გამოყენებით ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელება რთულდება და ძვირდება.




























