საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში დამტკიცებული 2020 წლის სამოქმედო გეგმა მოიცავს 5 ამოცანას და 29 აქტივობას, რომელთაგანაც ერთ-ერთი არის მართვის მოწმობის რეალურ პირობებში გატანა, აღნიშნული აქტივობის განხორციელება იგეგმება 2020 წლის ბოლომდე და მასზე პასუხისმგებელ უწყებას წარმოადგენს შსს და მომსახურების სააგენტო, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ერეკლე კეჟერაშვილმა BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ ისაუბრა.
მისივე თქმით, იგეგმება ჭკვიანი კამერებისა და საშუალო სიჩქარის მზომი სექციური რადარების რაოდენობის გაზრდაც.
„ჩვენ წინა წლის სამოქმედო გეგმაშიც გვქონდა მსგავსი აქტივობები გათვალისწინებული, რომლითაც უმჯობესდება, რა თქმა უნდა, ეფექტურობა საგზაო მოძრაობის წესების აღსრულების მიმართულებით. ამ შემთხვევაში ის ტექნოლოგიური საშუალებები, რაც არის ჭკვიანი კამერები და საშუალო სიჩქარის მზომი სექციური რადარები, ეს ყველაფერი ეხმარება საპატრულო პოლიციას, რომ ეფექტურად აღასრულოს და გამოავლინოს სამართალდარღვევები. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უკვე გარკვეული როადენობა ამ ჭკვიანი კამერებისა და საშუალო სიჩქარის რადარებისა, 2020 წლის განმავლობაში იგეგმება მათი დამატებით განვითარება და რაოდენობის დამატება. ჭკვიანი კამერების შემთხვევაში იქნება დამატებით 100 ერთეული, საშუალო სიჩქარის მზომ რადარებში დამატებით არანაკლებ 200 კილომეტრის საავტომობილო გზის მოცვა მოხდება სამოქმედო გეგმის ფარგლებში“, - განაცხადა ერეკლე კეჟერაშვილმა.
გარდა ამისა, 2020 წელს იგეგმება მძღოლთა პროფესიული კომპეტენტურობის ასამაღლებელი რეგიონალური მნიშვნელობის ტრენინგ-ცენტრის მშენებლობა/მოწყობაც.
შეგახსენებთ, საგზაო უსაფრთოხების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში 2020 წლის სამოქმედო გეგმა მთავრობის ხუთშაბათის სხდომაზე დამტკიცდა.