კომპანია “რეტკომ”, რომელიც ელექტროენერგიის ქსელის მოწყობილობების მსხვილი მწარმოებელი და მიმწოდებელია, სემეკს ორ კითხვაზე პასუხის მიღების მიზნით ოფიციალური წერილით მიმართა: პირველი - რომელ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს გამანაწილებელი კომპანიის მიერ შესყიდული ელექტროტექნიკური პროდუქცია ან მომსახურება იმისთვის, რომ ის მარეგულირებელმა ჩათვალოს ხარისხიანად და დანახარჯი აღიაროს ინვესტიციად, ანუ ასახოს ტარიფში და მეორე - რა პროცედურებით ადგენს კომისია შესყიდული მოწყობილობის ხარისხს, ანუ სტანდარტთან შესაბამისობას.
საქმე ის არის, რომ რეტკო ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს, ანუ ენერგო პრო ჯორჯიას და თელასს უსაფრთხო, მდგრად და ენერგოეფექტურ ინფრასტრუქტურას აწვდის. ხოლო კომისია თავის მხრივ, ამ კომპანიების მიერ განხორციელებულ შესყიდვებს აღიარებს ან არ აღიარებს ინვესტიციად, რაც შემდეგ ელექტროენერგიის ტარიფზე აისახება, რომელსაც საბოლოოდ მომხმარებელი და ბიზნესი იხდის.
ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია გამანაწილებელი კომპანიების საინვესტიციო პროექტებს კონკრეტული ხარისხის სტანდარტზე დაყრდნობით და ხარისხთან შესაბამისობის სერტიფიკატით უნდა აფასებდეს, თუმცა როგორც აღნიშნული წერილიდან ირკვევა, კერძო სექტორისთვის ამ დრომდე უცნობია, თუ რა სტანდარტით ხელმძღვანელობს კომისია - მაგალითად, Gost-ით, ანუ ხარისხის რუსული სტანდარტით, თუ მაგალითად საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის ან ევროპის სტანდარტიზაციის კომისიის სტანდარტით. ამის გათვალისწინებით, "რეტკო" სემეკისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის ქსელის და დანადგარების გამართულობა პირდაპირ კავშირშია უსაფრთხო გარემოსთან, რაზეც მიუთითებს სიცოცხლის მოსპობის თუ ჯანმრთელობის დაზიანების ათობით შემთხვევა, რაც გამოწვეული იყო გაუმართავი ინფრასტრუქტურით თუ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით. მიღმა ამისა, საქართველოს ელექტროენერგეტიკული დარგის მარეგულირებელი დოკუმენტების და სტანდარტების ევროკავშირის დირექტივებთან თანხვედრაში მოყვანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს. ამის გათვალისწინებით, რეტკოს პოზიციაა, რომ ბაზრის მოთამაშეებმა დაზუსტებით უნდა იცოდნენ რომელი სტანდარტის შესაბამისად უნდა შეარჩიონ ან აწარმოონ საკუთარი პროდუქცია. კომპანია იმედს იტოვებს, რომ სემეკი დადგენილ ვადაში წარმოადგენს პასუხს დასმულ კითხვებზე. ამ პასუხს ჩვენც ველით და მართლაც, საინტერესოა რა სტანდარტით ხდება კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციების ასახვა დენის ტარიფში.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ GOST არ არის მხოლოდ რუსული. იგი იყო საბჭოთა სტანდარტი და რუსეთი დარჩა მისი სამართლამემკვიდრედ. ყოფილმა საბჭოთა ქვეყნებმა რომლებმაც აირჩიეს ევროპული გზა, უარი თქვეს GOST-ზე და ეტაპობრივად გადავიდნენ ევროპულ IEC სტანდატზე. მაგალითისთვის უკრაინამ ეს პროცესი 2014 წლიდან დაიწყო და დღეის მდგომარეობით მისი შიდა სტანდარტების 90 % ჰარმონიზირებულია ევროპულ სტანდარტებთან.