მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სცენარებით შეიძლება საქართველოში მოვლენები განვითარდეს? - თორნიკე გორდაძის მოსაზრება

თორნიკე გორდაძე
16.05.24 16:25
632

პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი, ჟაკ დელორის უნივერსიტეტის მკვლევარი, თორნიკე გორდაძე რამდენიმე სცენარს ასახელებს, რომელიც საქართველოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე შეიძლება განვითარდეს.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” აღნიშნა, ყველაზე ცუდი და ამავდროულად ნაკლებად სავარაუდო, ბელარუსის სცენარია. ხოლო ყველაზე სასურველი, პროცესის დასავლელი პარტნიორების ჩარევით განმუხტვა იქნება.

„რამდენიმე სცენარი არსებობს. ყველაზე უარესი, რა თქმა უნდა, ბელარუსის სცენარი იქნება, თუმცა ვფიქრობ, რომ მაგის რესურსი ხელისუფლებას არ აქვს. საქართველოს მოსახლეობა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში მეტ-ნაკლებად დემოკრატიულ გარემოში ჩამოყალიბდა და იზრდებოდა ბელარუსისგან განსხვავებით. ბელარუსთან კიდევ ერთი განსხვავება არის ის, რომ ლუკაშენკოს არასდროს მოუტყუებია და უთქვამს მოსახლეობისთვის, რომ პროევროპული იყო. ის ყოველთვის პრორუსული იყო. მოტყუება ძალიან დიდ გაღიზიანებას და ამბოხს იწვევს მოსახლეობაში, რაც ასე მარტივად არ დაცხრება. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია ეს მოდელი.

მეორე მოდელი არის უკრაინის, რომელიც იანუკოვიჩთან მიმართებით მოხდა. ესეც არ არის სასურველი, რადგან იქ ძალადობის ბევრად უფრო დიდი ხარისხი იქნა გამოყენებული იანუკოვიჩის მხრიდან. ასობით ადამიანი დაიღუპა. ღმერთმა გვაშოროს ასეთი სცენარის განვითარება, თუმცა ძალადობა უკვე დაწყებულია ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ახლაა დრო, დასავლელი პარტნიორები ბევრად უფრო აქტიურად ჩაერიონ და განმუხტონ ეს კრიზისი, სანამ არ მომხდარა ის, რისი უკან დაბრუნებაც შეუძლებელი იქნება. ეს იქნება მესამე, ყველაზე უფრო მეტად სასურველი სცენარი. ყველაზე მთავარი და გადამწყვეტი საქართველოს მოქალაქეების გამძლეობაა. არის მომენტები ისტორიაში, როდესაც თვითონ ერმა უნდა გაიაროს გამოცდა წარმატებით“,- აღნიშნა თორნიკე გორდაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები