მასწავლებლის დღის აღნიშვნა წელს სახელმწიფო ბიუჯეტს 519 557 ლარი დაუჯდება.
ღონისძიება, რომელიც ოქტომბერში ტარდება წელს საპარლამენტო არჩევნების და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პროცესის გამო სექტემბერში გაიმართება.
დაჩქარებული შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, კონცერტის მონაწილეობას მიიღებენ სუხიშვილები, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატო მეტონიძე, შვიდკაცა და სხვები. გასული წლის მსგავსად, წელსაც ღონისძიების წამყვანები "იმედის" წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ლიზა წიკლაური იქნებიან.
"მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა 2023 წელს საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს N340 დადგენილებით. მასწავლებლის ეროვნული დღის აღნიშვნა მოხდება ყოველი წლის 27 ოქტომბერს.
ვინაიდან, 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოში ტარდება საპარლამენტო არჩევნები, გამონაკლისის სახით, წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიის მინიჭების საზეიმო ცერემონია გაიმართება 13 სექტემბერს. საზეიმო ცერემონიას ესწრებიან მასწავლებლები საქართველოს ყველა კუთხიდან, სწორედ ამიტომ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ცერემონიის თარიღის ცვლილება, რათა შეუფერხებლად და მასშტაბურად აღინიშნოს ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დღესასწაული" - წერია სატენდერო დოკუმენტში.
საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე გასული წლის 30 აგვისტოს დაწესდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, მასწავლებლების დღის თარიღად 27 ოქტომბერი - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე შეირჩა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, თარიღთან დაკავშირებით, "საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ პედაგოგებს ყოველწლიური პრემია გადაეცემათ", რაშიც სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და 10 000-ლარიანი ფულადი ჯილდო იგულისხმება.
აღსანიშნავია, რომ მთავრობამ 2023 წლის სექტემბერში შეიმუშავა მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით მასწავლებელი მიიღებს, მასწავლებლის ეროვნულ პრემიას, რომელიც შეადგენს, ერთდროულ ფულად გასაცემელს და ასევე სამკერდე ნიშანს. გათვალისწინებული პრემია განსაზღვრულია ერთ პირზე – 10 000 ლარის ოდენობით. 2023 წლისთვის მასწავლებლის ეროვნულ პრემიას მიიღებს 10 მასწავლებელი.
საშუალოვადიან პერიოდის ბიუჯეტი დაახლოებით შეადგენს 3 600 000 ლარს. 2023 წლის ბიუჯეტი განსაზღვრულია 600 ათასი ლარით, რაც მოიცავს 10 მასწავლებლის ეროვნულ პრემიას, სამკერდე ნიშნების დამზადების ხარჯებსა და მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარების ხარჯებს.
2024 წლიდან 2026 წლის ჩათვლით პროგრამის „მასწავლებლის ეროვნული დღე“ წლიური ბიუჯეტი განსაზღვრული იქნება 1 000 000 ლარის ოდენობით, რომელიც ასევე მოიცავს მასწავლებლების ეროვნულ პრემიას, სამკერდე ნიშნების დამზადების ხარჯებსა და მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარების ხარჯებს,“ – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.




























