საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ეროვნული საფეხბურთო ნაკრების EURO 2024-დან დაბრუნების აღსანიშნად 260 000 ლარი გამოიყო. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 2 ივლისით დათარიღებულ განკარგულებაში წერია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნაკრების დაბრუნების აღსანიშნად გასამართი ღონისძიებების ხარჯების დაფინანსებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მთავრობის ადმინისტრაციას 260 000 ლარი გამოეყო.
EURO 2024-ზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრები თავისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. ჯგუფური ეტაპზე „ჯვაროსნები“ თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს შეხვდნენ და მერვედფინალში დამსახურებული საგზური მოიპოვეს. ჯგუფური ეტაპიდან გასვლის შემდეგ კი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდნენ, სადაც 4-1 წააგეს. მიუხედავად ამისა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ასპარეზობა სპორტის მოყვარულების, ექსპერტებისა და საერთაშორისო მედიის მხრიდან დადებითად შეფასდა. „საქართველო EURO 2024-ს ზღაპრული შედეგებით ტოვებს“ - ამ შინაარსის სათაურებით სტატიებს საერთაშორისო გამოცემები The Telegraph, The Independent-ის, BBC, Kicker-მა, Reuters-ის და სხვა მედიები აქვეყნებდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები სამშობლოში 2 ივლისს დაბრუნდნენ. დაბრუნებისას აეროპორტში მათ ქომაგები დახვდნენ. 2 ივლისის საღამოს კი დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე ეროვნული ნაკრების წევრებთან შეხვედრის ცერემონია შედგა, სადაც გუნდის ავტობუსი მსვლელობით მივიდა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული გუნდის ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა.