რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ქართულ ბანკებში 3.5 მილიარდი ლარის მოცულობის დეპოზიტებს ინახავენ - დღეს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა ამ დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნის 80%-დან 40%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
აქამდე რუსეთის მოქალაქეთა დეპოზიტებისთვის ლიკვიდობის მოთხოვნა 80%-ს შეადგენდა, ეს ნიშნავს, რომ ბანკები მოზიდული დეპოზიტებიდან 80%-ს ლიკვიდურ აქტივებში ათავსებდნენ, ხოლო 20%-ის კი სხვა აქტივობებში მიმართვა შეეძლოთ. ეს კი ნიშნავდა, რომ მოზიდული სახსრებით ახალი საკრედიტო აქტივობების დაფინანსება შედარებით შეზღუდული იყო. ლიკვიდობის მოთხოვნის განახევრებით კი ბანკებს ახალი ფინანსური რესურსი გამოუთავისუფლდათ. საუბარია დაახლოებით 1.4 მილიარდი ლარის აქტივებზე.
სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის დავით უტიაშვილის განმარტებით, 40%-იანი გადინების განაკვეთი საკმაოდ კონსერვატიული მიდგომაა. მისივე განმარტებით, მოზიდული 100 ლარიდან ბანკმა 40 ლარი ლიკვიდურ აქტივში უნდა შეინარჩუნოს და დარჩენილი 60 ლარი შეუძლია სხვა აქტივებზე მიმართოს.
„ჩვენ მეტ მოქნილობას ვაძლევთ ბანკებს და მსგავსი გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეისთვის ვხედავთ გლობალურად გამკაცრებულ ფინანსურ პირობებს, რომელიც გადმოეცემა ჩვენ ბაზარს. დღეისთვის დამატებითი მკაცრი მოთხოვნების წინაპირობები არ გვიდგას და ჩვენი მოლოდინია, რომ ასეთი ინსტრუმენტებით ხელს შევუწყობთ ბანკებს უფრო ეფექტიანად მართონ თავიანთი აქტივები“, - აღნიშნა უტიაშვილმა.
ეროვნულმა ბანკმა რუსეთის მოქალაქეთა დეპოზიტებზე ლიკვიდობის ზღვარი 2023 წლის მაისში გაზარდა, მაშინ სებ-ი მიუთითებდა, რომ გაურკვეველი იყო თუ რამდენი ხანი მოხდებოდა ამ დეპოზიტების ქართულ საბანკო სისტემაში შენარჩუნება, სწორედ ამიტომ ლიკვიდობის გაზრდით ბანკებს გარკვეულწილად შეეზღუდათ ამ სახსრებით ახალი საკრედიტო აქტივობების დაფინანსება. თუმცა, სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანალიზის თანახმად, რუსეთის მოქალაქეთა ანაბრების მოცულობა დასტაბილურდა და ის მთლიანი დეპოზიტების 7%-ს შეადგენს, შესაბამისად ამ მიმართულებით რესურსების მოულოდნელი გადინების მოლოდინები არ იკვეთება. ამიტომაც, ბანკებს ლიკვიდობის მოთხოვნა შეუმცირდათ.