2026 წელს ბიუჯეტში დევნილების ბინებით დაკმაყოფილებისთვის 240 მილიონი ლარია გამოყოფილი, აქედან ₾180 მლნ მიმდინარე სამ პროექტს, 60 მილიონი კი ახალი პროექტების დაწყებას მოხმარდება - ამის შესახებ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე "ქართულ ოცნებაში" ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ "ევროპელი სოციალისტების" წევრ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ილია ინჯიას კითხვის პასუხად განაცხადა.
ინჯია დაინტერესდა, რამდენი დევნილი მიიღებს ბინას მომავალ წლებში და რა თანხაა ამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან.
"ჩვენ 240 მილიონი ლარის ფარგლებში გვაქვს გამოყოფილი მომდევნო წელს, მიმდინარე სამი პროექტისთვის, ზუგდიდში შენდება, ბორჯომსა და რუსთავში. ჯამში ეს არის დაახლოებით 1 800 ოჯახის დაკმაყოფილების ნაწილი. რუსთავი და ბორჯომი, თუ სწორად მახსოვს, მთავრდება მომდევნო წლის მაის-ივნისის პერიოდში, ზუგდიდი მთავრდება უკვე ცოტა იქით, 2027 წლის დასაწყისში.
რაც შეეხება ზოგადად, ეს თანხა [₾240 მლნ] მთლიანად არ არის ამისთვის საჭირო, დაახლოებით 60 მილიონ ლარამდეა, რომლითაც უკვე ახალი პროექტების დაწყება მომდევნო წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება", - უპასუხა გიორგი კაკაურიძემ.
შეგახსენებთ, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებისთვის ყოველთვიური შემწეობა 45 ლარია, რომელიც 2026 წელს უცვლელი რჩება.



























