სააგენტო "აწარმოე საქართველოში" მეწარმეებს ექსპორტის მხარდაჭერის ახალ პროგრამას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარს, კომერციული ბანკების დახმარებით, 50 ათასიდან 10 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხის აღება და დამატებთ, გრანტით სარგებლობა შეუძლია.
პროგრამის პირობების მიხედვით, ბენეფიციარები სესხის პროცენტზე სუბსიდიას მიიღებენ. კერძოდ, რეფინანსირების განაკვეთს მეწარმეების სასარგებლოდ 5% გამოაკლდება, ლიზინგის შემთხვევაში კი - 3%. გარდა ამისა, 60-ზე მეტი დასახელების პროდუქტების მწარმოებლებს საგრანტო კომპონენტის გამოყენებაც შეუძლიათ. ამ სიაშია მაგალითად, ტანსაცმლის, ტექსტილის, კომპიუტერული მოწყობილობების, ავეჯის და სხვა არაერთი წარმოება, რომელთაც სესხთან ერთად, გრანტის მიღებაც შეუძლიათ, ნახევარი მილიონი ლარის ფარგლებში.
BM.GE დაინტერესდა, რა თანხა დაიხარჯა სააგენტოს ბიუჯეტიდან გასული წლების განმავლობაში ექსპორტის ხელშემწყობ მექანიზმებზე, როგორიცაა საერთაშორისო გამოფენებში ქართული კომპანიების მონაწილეობა და ექსპორტის მენეჯერების გადამზადება.
სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წლიდან დღემდე მხარდაჭერილი ღონისძიების რაოდენობაა – 86, მათ დაფინანსებაზე კი სააგენტოს ბიუჯეტიდან 10.66 მლნ ლარი დაიხარჯა. ამასთან, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად სტიმულირებული ექსპორტის მოცულობა 70 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
გარდა ამისა, სააგენტომ 288 ექსპორტის მენეჯერი გადაამზადა.




























