მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხას დახარჯავს მთავრობა საკრედიტო-საგარანტიო სქემისთვის 2022 წელს?

618aa18921605
დავით ჯალაღონია
09.11.21 23:40
826
მთავრობას 2022 წელს საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში დაახლოებით, 100 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ BMG-ს განუცხადა.

გარდა ამისა, მისი განმარტებით, მიმდინარე წელს ამ სქემის პირობები შეიცვალა და სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” სხვა პაკეტების ბენეფიციარებსაც შეუძლიათ საგარანტიო ფონდით სარგებლობა, შესაბამისად, სააგენტოს ყველა პროგრამა ერთიანი საბიუჯეტო კოდით არის 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში წარმოდგენილი.

“საკრედიტო-საგარანტიო სქემა მნიშვნელოვანი სტიმულია და მომდევნო წელსაც გათვალისწინებულია ბიუჯეტში. სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში 273 მილიონი ლარია განსაზღვრული, რაც საკრედიტო-საგარანტიო ფონდსაც მოიცავს.

წელს განსხვავებული სქემა გვქონდა - საკრედიტო-საგარანტიო ფონდით ვინც სარგებლობდა, მას არ ჰქონდა უფლება სხვა სტიმულირების პაკეტებით ესარგებლა. 1 სექტემბრიდან ეს გაერთიანდა და ერთ პაკეტშია წარმოდგენილი, შედეგად ერთმა ბენეფიციარმა შეიძლება, სამი სხვადასხვა წყაროდან მიიღოს სტიმულირების პაკეტი.

რაც შეეხება თანხების ათვისებას, ვფიქრობთ, რომ 100 მილიონი ლარის ფარგლებში მომდევნო წელსაც იქნება ათვისება, თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ხარჯი. ბენეფიციარი კომპანიის გადეფოლტება თუ არ მოხდა, ეს ხარჯი საბოლოოდ ბიუჯეტში ბრუნდება. იმ თანხის ნაწილიც (წელს 50 მილიონი დაიხარჯება), მომდევნო წელსვე დაბრუნდება ბიუჯეტში. ეს არის საგარანტიოდ დადებული თანხა, რომლის დიდი ნაწილი - 90% ბიუჯეტში დაბრუნდება”, - განმარტა გიორგი კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემის საბიუჯეტო გეგმის შესრულების მაჩვენებელი, “აწარმოე საქართველოს” სხვა პროგრამებთან შედარებით დაბალია. მიმდინარე წლის 9 თვეში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მილიონ 500 ათასი ლარის დახარჯვა იყო დაგეგმილი, თუმცა თანხის 42.7%-ის ათვისება მოხერხდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები