საქართველოს პარლამენტი ე.წ. რუსულ კანონს მესამე მოსმენითაც მიიღებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ კანონი ქართველი ხალხის ინტერესშია და საზოგადოება მას მხარს უჭერს.
"რამდენიმესაათიანი განხილვები იყო როგორც კომიტეტზე, ისე პლენარული სხდომის დროს. ჩვენ ყოველ ჯერზე მოვუწოდებდით ოპოზიციას, რომ არგუმენტირებულ მსჯელობაში შემოსულიყვნენ. ჩანს, რომ არგუმენტი არ არსებობს და აქედან გამომდინარე, პარლამენტს არ აქვს რაიმე მიზეზი, რომ მესამე მოსმენით არ განიხილოს და არ მიიღოთ ეს კანონი.
საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებაა, მიიღოს კანონი ქართველი ხალხის სახელით და ზუსტად ეს კანონი არის ქართველი ხალხის ინტერესში და ქართველი ხალხის მხრიდან მხარდაჭერილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს და მიიღებს", - ამბობს პაპუაშვილი.
1 მაისს საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მეორე მოსმენაზეც 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.