დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება. „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს უნდა უყაროს კენჭი. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ დეპუტატები კვლავ აცხადებენ, რომ კანონი ქართულია და ვეტო აუცილებლად დაიძლევა:
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი: „ეს არის ქართველი ხალხის ინტერესი და დღეს უნდა შესრულდეს ქართველი ხალხის ინტერესი“.
უმრავლესობის დეპუტატი ბექა დავითულიანი: „ყველა თავის გადაწყვეტილებაზე იღებს პასუხისმგებლობას. ყველა პასუხისმგებელია, ვინც ხელს აჭერს და ვინც არ აჭერს. მე არ მგონია ნორმალური, რომ პარლამენტარი კანონის მიღებისთვის სანქცირდება, თუმცა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება და თუ ვინმე ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მათი უფლებაა“.
უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი: „ვეტო დაიძლევა, ქართული კანონი მიღებული იქნება, ხოლო გამჭვირვალობა - უზრუნველყოფილი. ქართველი ხალხიც და მსოფლიო საზოგადოებაც დაინახავს, რომ გამჭვირვალობა არის დემოკრატიის საფუძველი და საქართველო არის სუვერენული ქვეყანა“.
უმრავლესობის დეპუტატი ლადო კახაძე: „სანამ სიტყვა „რუსულს“ ახსენებთ, მე კომენტარს არ მოგცემთ. გამჭვირვალობის შესახებ კანონი ქვეყანას საფრთხეს არ უქმნის. ეს ქვეყანას არ დააზიანებს“.
უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი კირცხალია: „პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა ეროვნულ გადაწყვეტილებაზე. ყველაფერი გვაქვს გაცნობიერებული, ქვეყნის სასიკეთოდ კეთდება ყველაფერი. ამერიკა მხოლოდ ერთი ადმინისტრაციის და ზოგადად ადმინისტრაციების არ არის. ადმინისტრაციები მიდიან და მოდიან“.
უმრავლესობის დეპუტატი გიორგი კახიანი: "ვინმესგან რამე არგუმენტი მოისმინეთ, თუ რატომ შეიძლება ეს კანონი იყოს საზიანო? ვენეციის კომისიის დასკვნა გაჯერებული იყო პოლიტიკური შეფასებებით და დაუზუსტებელი ფაქტებით“.
უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი: "მთელი გუნდი დავუჭერთ მხარს ვეტოს დაძლევას და ეს არ შეაჩერებს არანაირ ევროინტეგრაციას, ეგ არის გამორიცხული“.
უმრავლესობის რატი იონათამიშვილი: "რა თქმა უნდა, კანონი იქნება მიღებული, ვეტო დაძლეული, ვინაიდან ის სჭირდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას. ჩვენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. ისინი საქართველოს განიხილავენ როგორც მაშველ რგოლს საომარი კონფლიქტებისას".
უმრავლესობის დეპუტატი შოთა ხაბარელი: "იმდენად უსუსური იყო პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საკითხები, რომ შემეცოდა, პირდაპირ რომ გითხრათ პრეზიდენტის წარმომადგენელი, რომელმაც ერთ მუხლზეც კი ვერ გააკეთა თუნდაც მინიშნება. ვეტო დაიძლევა და ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის“.