დავოსის 76-ე ეკონომიკურ ფორუმზე დონალდ ტრამპმა განსაკუთრებული ყურადღება ენერგეტიკაზე საუბარს დაუთმო. შტატების ლიდერმა ამ შემთხვევაშიც ევროპელი მოკავშირეები გააკრიტიკა და თქვა, რომ მათი ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა მემარცხენე პოლიტიკოსების მიერ მოგონილ “ახალი მწვანე თაღლითობაში” ჩართვა იყო. კერძოდ, უარის თქმა ენერგიის გამომუშავების ტრადიციულ წყაროებზე და გადასვლა განახლებად ენერგიაზე, მზისა და ქარის სადგურებზე.
ამ მხრივ ტრამპმა განსაკუთრებით ორი ქვეყნის მაგალითი გამოყო. გერმანიის შემთხვევაში მან არა მოქმედი კანცლერი მერცი, არამედ მერკელის ხელისუფლება დააადანაშაულა და თქვა, რომ 2017 წელს ბირთვულ ენერგიაზე უარის თქმა შეცდომა იყო. ტრამპმა სტატისტიკური მაგალითიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ ბოლო 10 წელიწადში გერმანიაში ენერგიის გამომუშავება 22%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის პრეზიდენტმა კანცლერის შეხედულებები და მიმდინარე რეფორმები შეაქო და თქვა, რომ სწორედ წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებაა მისი ნაბიჯების მიზანი.
ტრამპის კრიტიკა შეეხო დიდ ბრიტანეთსაც, რომლის ხელისუფლებას შეახსენა, რომ ქვეყნის ჩრდილოეთით, კერძოდ, ჩრდილოეთის ზღვაში წიაღისეული რესურსი უხვად მოიპოვება. შესაბამისად, სტარმერის ადმინისტრაციას ზღვაზე აშენებული ქარის ელექტროსადგურების ნავთობისა და გაზის პლატფორმებით ჩანაცვლება ურჩია.
ევროპული პოლიტიკის კრიტიკისას ტრამპმა იმ ქვეყნებზეც გაამახვილა, რომლებმაც, მისივე შეფასებით, ამ მიდგომებით ყველაზე მეტად ისარგებლეს. კერძოდ, შტატების ლიდერმა გამოყო რუსეთისა და ჩინეთის მაგალითები. ტრამპმა თქვა, რომ ჩინეთი თავად არავითარ მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლას არ აპირებს და რეალურად ენერგიას კვლავაც ტრადიციული წყაროებიდან იღებს. სამაგიეროდ, აგებს განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის აუცილებელ ძვირად ღირებულ მოწყობილობებს და მათ ევროპულ ბაზარზე ყიდის. შესაბამისად, ამით ხელს უწყობს ევროპული სახელმწიფოების ენერგოდამოკიდებულების გაზრდას, თავად მიღებული ფინანსური სარგებლით კი სამხედრო ინდუსტრიის განვითარებას ახერხებს. იმ ინდუსტრიის, რომელიც შემდგომ სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ქმნის საფრთხეს. ევროპის ენერგოდამოკიდებულების კონტექსტში ახსენა ტრამპმა რუსეთიც, როგორც ქვეყანა, რომელმაც კონტინენტზე “მწვანე ეპოქის” დაწყებით ისარგებლა. შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ ერთ-ერთი გზა, რითაც კრემლმა ომების წარმოებისთვის დაფინანსების მიღება მოახერხა, სწორედ ევროპისთვის გაზისა და ნავთობის მიწოდების გაზრდა იყო.
აშშ-ის ლიდერმა დრო საკუთარ ენერგეტიკულ სტრატეგიაზე საუბარსაც დაუთმო და თქვა, რომ ამერიკის გეგმა მომავალი წლების განმავლობაში ბირთვული ენერგიის ობიექტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა იქნება.
“წინა საპრეზიდენტო ვადისას ვფიქრობდი, რომ ატომური სადგური საშიში იყო, რადგან ის დაბინძურების დიდ საფრთხეს შეიცავდა და შტატებს ეს არ უღირდა, თუმცა ტექნოლოგიები საგრძნობლად დაიხვეწა და მჯერა, რომ ახლა მათი აშენება გაცილებით უსაფრთხო იქნება - თანაც, მათი შესახედაობაც მომწონს” - თქვა ტრამპმა. შტატების ლიდერმა დააანონსა, რომ სანებართვო პროცედურების თვალსაზრისით აქტიურ დერეგულაციას დაიწყებს და ატომური ობიექტების აგებისთვის ლიცენზიის მიღებას 3 კვირაზე მეტი აღარ დასჭირდება. ამასთან, ბირთვული ნაგებობების აგება არამარტო ენერგეტიკული სექტორის გიგანტებს, არამედ ტექნოლოგიურ კომპანიებსაც შეეძლებათ, რომელთათვისაც, ტრამპის შეფასებით, ამ მიმართულების განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შტატების ლიდერი მოელის, რომ მომავალი წლისთვის ამერიკაში ენერგიის წარმოება გაორმაგდება.




























