დღეს, 17 ივნისს, ევროპარლამენტმა 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო.
"ევროკომისიის 2025 წლის ანგარიში საქართველოზე" ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც ფოკუსირებულია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით ქვეყნის მდგომარეობაზე. 2024 წლიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია "დე ფაქტო" შეჩერებულია, მთავრობის პოლიტიკის გამო, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს.
ევროპარლამენტის ანგარიშში მოხვდა უვიზო მიმოსვლის საკითხიც, რომელიც ამ ეტაპზე ევროკავშირს მხოლოდ დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს აქვთ შეჩერებული. კერძოდ, მიმდინარე წლის მარტში ევროკომისიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით შემაშფოთებელი ვითარების გამო, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის 2027 წლის მარტამდე აჩერებს უვიზო მიმოსვლას. ევროპარლამენტი მიესალმება ევროკომისიის ამ გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.
"ეს წარმოადგენს ფუნდამენტური ღირებულებების დამრღვევი „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქმედებების პირდაპირ შედეგს. [ევროპარლამენტი] მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, ჩაატარონ საფუძვლიანი შემოწმება ვიზის მაძიებლებთან გასაუბრებისა და მათგან დამადასტურებელი დოკუმენტების მოთხოვნის გზით და უარი განაცხადონ ვიზების გაცემაზე, თუ გაჩნდება რაიმე ეჭვი მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობასთან დაკავშირებით.
ევროპარლამენტი ასევე გამოხატავს სინანულს იმის გამო, რომ უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების წინააღმდეგობის გამო ვერ მოხერხდა ევროკავშირის მასშტაბით სავიზო აკრძალვების დაწესება იმ ქართველი თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებზე, დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებზე. ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შესაძლოა გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება „ქართულ ოცნებას“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას გაზარდოს ისეთი საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა როგორებიც არის Erasmus; Horizon Europe და Creative Europe.
ამას გარდა, ანგარიშში კვლავ არის მოწოდება "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესების შესახებ. "კვლავ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, დაუყოვნებლივ დააწესონ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ; ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, გაყინოს მისი აქტივები და ამ საკითხზე ითანამშრომლოს სხვა იურისდიქციებთან, განსაკუთრებით გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან".




























