მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა გაითვალისწინოს შრომის ინსპექციამ საქმიანობის გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად? - რეკომენდაციები

შრომის ინსპექცია

"ცალკეულ შემთხვევებში, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაცია არ არის სრულყოფილი და სრულად ვერ სცემს პასუხს დაინტერესებული პირის მოთხოვნას," - ამის შესახებ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც “სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრმა” “ღია საზოგადოების ფონდის” მხარდაჭერით ჩაატარა. კვლევაში, რომელიც შრომის ინსპექციის სამსახურის გამჭვირვალობას აფასებს, ნათქვამია, რომ შრომის ინსპექციის სამსახური დროულად არ გასცემს საწარმოო უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის მასალებს.

ორგანიზაცია შრომის ინსპექციას სამსახურის გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს:

• აუცილებელია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე შრომის ინსპექციის სამსახურის დროულად რეაგირება და დაინტერესებული პირებისათვის ინსპექტირების მასალების დაუბრკოლებლად მიწოდება. ცალკეულ შემთხვევაში, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, კონკრეტული ინსპექტირების მასალების დროულად წარმოდგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს (მაგალითად, საწარმოო უბედური შემთხვევების დროს).

• მიზანშეწონილია, საჯარო ინფორმაციის გაცემის დაყოვნების თავიდან ასაცილებლად შრომის ინსპექციის სამსახურმა შეიმუშაოს ეფექტური მექანიზმები ინსპექტირების მასალების დროულად დამუშავებისთვის.

• მნიშვნელოვანია, შრომის ინსპექციის სამსახურმა უზრუნველყოს „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად ინფორმაციის სრულყოფილად გამოქვეყნება.

• მნიშვნელოვანია, სამსახურმა ინფორმაცია განათავსოს ვებგვერდის თემატურ ბლოკში, ხელი შეუწყოს მასზე საზოგადოების გამარტივებულ წვდომას და საჭირო ინფორმაციის ადვილად მოძიებას.

• აუცილებელია, პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია განახლდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პერიოდულობით.

• აუცილებელია, სამსახურმა გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები საზოგადოების ნდობის გასაძლიერებლად. ამ მიზნის მისაღწევად, მიზანშეწონილია, ვებგვერდზე გამოქვეყნდეს დეტალური ინფორმაცია (გზამკვლევი), თუ რა შემთხვევაში შეუძლია დასაქმებულს მიმართოს შრომის ინსპექციის სამსახურს, ასევე როგორია დარღვევის თაობაზე შეტყობინების წესი და პროცედურა. მნიშვნელოვანია, ვებგვერდზე გამოქვეყნდეს ინფორმაცია დასაქმებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის და მისი ანონიმურობის გარანტიების შესახებ, რაც წამახალისებელ ფუნქციას შეასრულებს.

• მიზანშეწონილია, შრომის ინსპექციის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდეს არა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და დადგენილებები საურავის დარიცხვის შესახებ, არამედ დეტალური ინფორმაცია ინსპექტირების განხორციელების საფუძვლების, შედეგებისა და დასკვნების თაობაზე. ამასთან, მიზანშეწონილია, ვებგვერდზე ინფორმაცია გამოქვეყნდეს სისტემატიზებული ფორმით, კლასიფიცირებული დარღვევის შინაარსის, კონკრეტული სექტორის, კომპანიის სიდიდის და სხვა მაჩვენებლების მითითებით.

• მნიშვნელოვანია, შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის წლიურ ანგარიშში მკაფიოდ გაიმიჯნოს პირველადი და განმეორებითი ინსპექტირებების რაოდენობა, ასევე სპეციფიკურ დარგებს/რეგულაციებსა და შრომის კოდექსით გათვალისწინებულ ნორმებზე ზედამხედველობის ფარგლებში განხორციელებულ შემოწმებათა რაოდენობა.

• სასურველია, შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის წლიურ ანგარიშებში მოცემული ინფორმაცია დამატებით წარმოდგენილი იყოს ადვილად აღქმადი ფორმატით, მეტი თვალსაჩინოებისთვის გრაფიკების, განმარტებების, საინფორმაციო ბროშურების სახით, რაც გააადვილებს ინფორმაციაზე წვდომას და მის აღქმას.

• მნიშვნელოვანია, შრომის ინსპექციის სამსახურმა უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების გატარება მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით. სასურველია, შეიქმნას სხვადასხვა სახის საინფორმაციო და სამუშაო ფორმატები, რაც გაზრდის მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხს და ხელს შეუწყობს სამსახურის საქმიანობის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები