მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა გაკეთდეს იტალიელი ინვესტორების მოსაზიდად საქართველოში? - ელჩის პასუხი

6371e6dff1ca9
ინგა მურუსიძე
14.11.22 12:00
725
რა უნდა გაკეთდეს საქართველოში უფრო მეტი იტალიელი ინვესტორის მოსაზიდად? - ამ კითხვას bm.ge-სთან ინტერვიუში იტალიის ელჩი, ენრიკო ვალვო პასუხობს. იტალიელი დიპლომატი ამ კუთხით ყურადღებას ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ამახვილებს. 

"ვფიქრობ, ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება, რაზეც თქვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობთ. ვგულისხმობ, სატრანსპორტო ლოგისტიკას მას შემდეგ, რაც ტვირთი შავ ზღვაში აღმოჩნდება - შემდეგ ტვირთს დიდი გზის გავლა უწევს. ეს მიმართულება კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ, ჯერჯერობით, დაუსრულებელია. ამასთანავე, მნიშვნელოვანია იმუშაოთ შრომის ბაზრის განვითარების მიმართულებით. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ვფიქრობ, რომ ის გარკვეულ შედეგს გამოიღებს", - განაცხადა ელჩმა.

ხოლო კითხვაზე, ამ კონტექსტში რამდენად მნიშვნელოვანია იტალიური მხარისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის დასრულება, ენრიკო ვალვო პირდაპირ არ პასუხობს, თუმცა ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს ტერიტორიაზე დიდი მოცულობით ტვირთის გატარება იყოს შესაძლებელი.

"ეს ისაა, რასაც ბაზარი ითხოვს. ამასთანავე, ცხადია, მნიშვნელოვანია პოლიტიკური საკითხი, რადგან ვაჭრობა და ეკონომიკა, თავისი არსით, პოლიტიკურ ორიენტაციასთან და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ ბევრ ინტერესს აჩენს. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ის, თუ რომელი საპორტო სისტემა მოემსახურება ამ მიზანს უკეთესად, ქართველებმა, ბაზარმა და საერთაშორისო ინვესტორებმა უნდა გადაწყვიტონ", - აღნიშნა ელჩმა.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით $1,3 მლნ-ის ინვესტიცია შემოვიდა. 2022 წლის პირველ კვარტალში მაჩვენებელმა $1,2 მლნ შეადგინა, ხოლო მეორე კვარტალში $263.5 ათასი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები