ბოლო პერიოდში ე.წ ფინანსური პირამიდების საკითხი, მათ შორის, უძრავი ქონების სექტორში კვლავ გააქტიურდა. ბაზარზე არსებობენ კომპანიები, რომლებსაც სხვადასხვა საინვესტიციო შეთავაზებები აქვთ და როგორც წესი, მოქალაქეებს მაღალი სარგებლის დაპირებით იზიდავენ.
ეს საკითხი კომპანია "სფერო ჰოლდინგის" საქმის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა. როგორც ცნობილია, პროკურატურა კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორს მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავება. საუბარია 244 მოქალაქეზე და მიყენებული ზიანი კი, პროკურატურის მტკიცებით, დაახლოებით 12 მილიონ ლარს აღწევს.
რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება მოქალაქეებმა საფინანსო თუ საინვესტიციო კომპანიებთან ურთიერთობისას და როგორ უნდა ამოვიცნოთ ე.წ ფინანსური პირამიდა - იურისტები მოქალაქეებს ურჩევენ, რომ მსგავს კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმებამდე კონსულტაცია სპეციალისტებთან გაიარონ, რათა კარგად შეაფასონ ყველა ის რისკი, რაც თანხის ამ თუ იმ ორგანიზაციაში დაბანდებას უკავშირდება.
როგორც „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ თავმჯდომარემ, ნინო ლიპარტიამ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, როგორც წესი, მსგავსი ხელშეკრულებები არ მოიცავს დაბანდებული თანხების მოთხოვნის უზრუნველყოფის ინსტრუმენტებს, რაც მნიშვნელოვანი რისკია.
“ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ მოქალაქეებს, იმ პირებს, ვისაც სურთ ან ვინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში შევიდეს სხვადასხვა სახის საინვესტიციო კომპანიებთან, ის აუცილებლად უნდა იყოს წინდახედული და აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე საკითხი. მე კონკრეტულად ამ კომპანიის ["სფერო ჰოლდინგის”] საქმეზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა როგორც ცნობილია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაზარალებულია 244 მოქალაქე. თუმცა ჩვენ გვახსოვს სხვა შემთხვევებიც. სულ რამდენიმე წლის წინ ძალიან გახმაურებული საქმე იყო, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელსაც ძალიან დიდი რეკლამა ჰქონდა და მათ შორის ძალიან ცნობილი სახეები უწევდნენ რეკლამას, მათ საქართველოს მოქალაქეებისგან ისესხეს საკმაოდ სოლიდური თანხა და საკმაოდ კარგი მოცულობის საპროცენტო სარგებლის დარიცხვის და თანხის ძირთან ერთად ამ საპროცენტო სარგებლის უკან დაბრუნების პერსპექტივით.
როგორც ერთ შემთხვევაში, ასევე მეორე შემთხვევაში, სახეზე გვაქვს სესხის ხელშეკრულება, როდესაც მოქალაქეები თავიანთ ფინანსურ რესურსს სესხის ხელშეკრულებით გადასცემენ კომპანიებს. სესხის ხელშეკრულება, ეს არის ჩვეულებრივად სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობა და თითქოს ერთი შეხედვით, აქ პრობლემა არ არის და სესხის ხელშეკრულება მეტ-ნაკლებად რეგულაციის დაცვით უნდა დაიდოს და თავისუფლად შესაძლებელია დაიდოს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს შორის. მაგრამ პრობლემა წარმოიშობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის შემდგომ.
ჩვენი რჩევაა, როდესაც სესხის ხელშეკრულება იდება, ნებისმიერ შემთხვევაში გამოყენებული იქნეს მოთხოვნის უზრუნველყოფის რომელიმე საშუალება, ეს შეიძლება იყოს გირავნობა, იპოთეკა, თავდებობა ან საბანკო გარანტია. შესაბამისად, ამის კონსულტაცია აუცილებლად უნდა მოხდეს სახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაღალი ალბათობით მივიღებთ გაპრობლემებულ შემთხვევას”, - განაცხადა ნინო ლიპარტიამ.
იურისტის განმარტებითვე, მოქალაქეთა მეტი დაცულობისთვის აუცილებელია, რომ სახელმწიფომ მსგავსი საფინანსო თუ საინვესტიციო კომპანიების მიმართ მოთხოვნები გაამკაცროს.
“რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, ვისურვებდი, როდესაც ხდება ასეთი კომპანიების გამოჩენა და საქმიანობის დაწყება, [სახელმწიფომ] აღნიშნული სფეროს რეგულირება განახორციელოს და მსგავს კომპანიებს დაავალოს სათანადო ფინანსური რეზერვის არსებობა. თუკი გავიხსენებთ გასულ პერიოდში მსგავს გახმაურებულ საქმეებს, იქ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დაკისრებული თანხა ვერ აღსრულდა ფინანსური რესურსის არარსებობის გამო. რეზერვირების და ზედამხედველობის ინსტრუმენტების შემოღება კი ასეთ შედეგს აგვაცილებს თავიდან”, - აღნიშნა ნინო ლიპარტიამ.




























