მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა იცოდეთ თუ ხართ ფიზიკური პირი და გიწევთ ქონების გადასახადის გადახდა?

ზურაბ ძნელაშვილი

საქართველოში ქონების გადასახადის დეკლარირების და გადახდის ვალდებულება აქვს ფიზიკურ პირს თუკი წინა წლის განმავლობაში მისი ოჯახის შემოსავალი 40,000 ლარს აღემატებოდა და ამასთანავე, მას გასულ წელს საკუთრებაში ჰქონდა უძრავი ქონება და მსუბუქი ავტომობილი, ასევე იმ პირს, ვისაც წელს 1 აპრილს საკუთრებაში ჰქონდა მიწის ნაკვეთი.

ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადა 2024 წლის 15 ნოემბერია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველი და საგადასახადო სამართლის ექსპერტი ზურაბ ძნელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღწერს, რა უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა, თუ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა უწევთ:

1. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 ნოემბერი;
2. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით (rs.ge), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან;
3. წელს უნდა წარადგინოთ 2024 წლის დეკლარაცია, თუმცა მასში დეკლარირდება:
ა) 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, საკუთრებაში არსებული მიწა (სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო სამეურნეო), ასევე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწა (სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო სამეურნეო), რომლითაც სარგებლობთ ან რომელსაც ფლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით;
ბ) 2023 სრული/არასრული წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი და ა.შ.), იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები და მსუბუქი ავტომობილები;
4. თუ დასაბეგრი ქონება 2023 წელს თქვენს საკუთრებაში იყო არასრული წლის განმავლობაში, მასზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხორციელდება 2023 წლის განმავლობაში ამ ქონების თქვენს საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად (თვეების რაოდენობას უთითებთ პორტალზე);
5. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2023 წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედი განაკვეთით, ხოლო მიწაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2024 წლის 1 აპრილისათვის მოქმედი განაკვეთის მიხედვით (რომლებსაც ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო);
6. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, ხოლო მიწაზე - მისი ფართობის მიხედვით (სასოფლო-სამეურნეო მიწა - ჰა, არასასოფლო სამეურნეო მიწა - კვ/მ);
7. დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ 2023 წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით (100 000 ლარამდეა თუ 100 000 ლარზე მეტი) და განისაზღვრება 2023 წლის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების გარკვეული პროცენტის ოდენობით (განაკვეთს თქვენ არ წერთ დეკლარაციაში, მას თვითონ პორტალი ჩაგიწერთ);
8. ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან;
9. ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (დარიცხული ხელფასიც), მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.
10. თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს ევალება დეკლარაციის წარდგენა, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე წარადგინონ დეკლარაციები ან ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია;
11. ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე, ამიტომ დეკლარაციის ჩაბარების შემდეგ, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მყისიერად მიიღებთ „საგადასახადო მოთხოვნას“, რომელშიც ასახული იქნება გადასახადის ოდენობა;
12. ქონების გადასახადს იხდით ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკის მეშვეობით, ერთიან სახაზინო კოდზე 101001000;
13. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 ნოემბერი;

შენიშვნა: პოსტი ეხება მხოლოდ იმ პირებს, ვისაც წელს უწევს ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა და არ მოიცავს დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლების შემთხვევებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები