მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკის ძრავი 2030 წლისთვის? - ვიცე-პრემიერის ხედვა

63afeaa6be442
თელარა გელანტია
03.01.23 10:00
1196
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის აზრით, საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციისთვის ქვეყანაში კაპიტალის მოზიდვა უმნიშვნელოვანესია. „სხვა შემთხვევაში ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლას ვერ შევძლებთ. ამდენად, საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობა ჩვენს პრიორიტეტად რჩება“, - თქვა მინისტრმა BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-თან ინტერვიუში.

ლევან დავითაშვილი 2023 წელს ეკონომიკის ზრდის განმსაზღვრელ ფაქტორებად ტურიზმს, საჯარო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს მიიჩნევს.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა; ჩვენ უნდა დავძლიოთ სიღარიბე და შევქმნათ ქვეყანა, სადაც არის კეთილდღეობა. ინტერვიუების დროს ხშირად მეკითხებიან - სად არის ეს ეკონომიკური ზრდა, რატომ არ აისახება ადამიანებზე?! წლები გვჭირდება, ეს ეკონომიკა იმგვარი იყოს, რომ ორნიშნა ზრდა ვიგრძნოთ და კმაყოფილი ვიყოთ. განვითარებულ ქვეყნებშიც კი, ალბათ არის სურვილი და მოლოდინი, რომ ადამიანები უკეთესად ცხოვრობდნენ - ეს ერთი და მეორე - ჩვენ ერთი და ორი წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ვერანაირად გვიშველის, ამიტომაც ვახსენებთ 2030 წელს - ეს არის პერიოდი, როდესაც შეიძლება ერთ სულ მოსახლეზე იმდენი მშპ გვქონდეს, რომ ევროპული ოჯახის წევრი ქვეყნების ეკონომიკურ დონეზე ვიყოთ“, - თქვა ლევან დავითაშვილმა.

რა უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკის ძრავი 2030 წლისთვის? - ვკითხეთ ვიცე-პრემიერს.

„როცა ვამბობთ, რომ რაღაც პროგრესი გვაქვს, არ ვგულისხმობთ იმას, რომ ვართ კმაყოფილი ან თვითკმაყოფილი და სასურველ შედეგს მივაღიწეთ. სასურველისგან ძალიან შორს ვართ. სასურველთან მიახლოების ერთადერთი გზა კი, სწორედ თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებაა. საშუალოვადიან პერიოდში ჩვენი ეკონომიკის ზრდა შეიძლება უზრუნველყოს მხოლოდ ტექნოლოგიურმა დაწინაურებამ, პროდუქტიულობის გაზრდამ და მეტმა აქცენტმა ინოვაციებზე. 2030 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურა სულ სხვაგვარი იქნება“, - აღნიშნა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები