მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უპირატესობა აქვს არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაზარს ქართული კომპანიებისთვის? - მოსაზრება

საქართველო

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კორპორაციული სერვისების მიმწოდებელი და ბიზნესმენეჯერი გიორგი ამანათიძე "საქმიანი დილას" ეთერში განმარტავს, თუ რატომ არის ქართული და საერთაშორისო კომპანიებისთვის არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაზარი მიმზიდველი. როგორც ის აღნიშნავს, ორი მთავარი მიზეზი, რაც ამ ბაზარს გამოარჩევს, გამარტივებული ბიუროკრატიული პროცესები და სტაბილური პოლიტიკურ-ეკონომიკური გარემოა.

"საკმაოდ მარტივია ბიუროკრატიული პროცედურები, ამას საამიროები უზრუნველყოფს, კომპანიების რეგისტრაცია ონლაინ შეიძლება, მაქსიმალური ხელშეწყობაა და ხშირად 2-5 დღემდე ვადაში ხდება კომპანიების რეგისტრაცია. საამიროებში მრავალი თავისუფალი ზონაა, რომელიც თავად რეგულირდება და კომპანიებს ექსკლუზიურ პაკეტებსაც სთავაზობს, რაც რეგისტრაციას კიდევ უფრო აიაფებს და კომპანიებს განვითარებისთვის ძალიან ფართო შესაძლებლობას აძლევს. ემირატებში არ არის ინდივიდუალურ პირზე გადასახადი, დივიდენდებზე გადასახადი, ერთადერთი, რაც მოქმედებს, კორპორაციული გადასახადია, რომელიც მხოლოდ 9%-ია და უშუალოდ მოგების გადასახადს წარმოადგენს, რაც ძალიან მიმზიდველია ნებისმიერი ბიზნესისთვის.

მთავარი, [რის გამოც საამიროები მიმზიდველი ბაზარია] არის სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო; ქვეყანა სწორედ პოზიციონირებს მსოფლიო პოლიტიკურ-ეკონომიკურ სივრცეში. გეოგრაფიული მდებარეობაც დიდ უპირატესობას ანიჭებს და, არა მარტო მდიდარი ადამიანები, არამედ საკმაოდ დიდი კომპანიები თავიანთი სათავო ოფისებით გადმოდიან, რადგან ეს ქვეყანა მათ აძლევთ დაცულობას, განვითარების შესაძლებლობას და ცოდნას, რომ ამ ქვეყანაში არ არის პოლიტიკური რყევები", - განმარტავს გიორგი ამანათიძე.

გიორგი ამანათიძე საამიროებში ქართული და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლობის დინამიკასაც აფასებს. როგორც ის განმარტავს, ბიზნესი სწორედ ამ ბაზარზე ორიენტირდება, რადგან ის მსოფლიოს დამაკავშირებელ მნიშვნელოვან გზაჯვარედინს წარმოადგენს.

"ბოლო ორი წლის განმავლობაში საკმაოდ მკვეთრად გაიზარდა დინამიკა, ბევრი ქართული კომპანია ცდილობს როგორც ახალ ბაზრებზე გასვლას, ასევე თავიანთი ბიზნესის განვითარებას. დინამიკა მზარდია არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მთელი მსოფლიოდან, რადგან ვიტყოდი, რომ საამიროები, ფაქტობრივად გზაჯვარედინია არაბული სამყაროს, ევროპის, აზიისა და აფრიკის დასაკავშირებლად. შესაბამისად, ქვეყანა პროდუქციის მიმწოდებელია 2 მილიარდამდე მომხმარებლისთვისაც.

დიდია დაინტერესება IT კომპანიებისგან, რომლებსაც სურვილი აქვთ, აქ განავითარონ თავიანთი ბიზნესი, რადგან ემირატები მათ განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევს და სახელმწიფო სტრატეგიაც ამ სფეროს მაქსიმალური განვითარება და ხელშეწყობაა. მზარდია დაინტერესება ალკოჰოლური და მინერალური სასმელების მწარმოებელი კომპანიებისგანაც. ნელ-ნელა ქართული ბიზნესი ორიენტირებას ახდენს აქაურ ბაზარზე, რადგან ის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, მოიცავს რამდენიმე ათეული მილიონი უცხოელი მომხმარებელიც და გაზარდოს ნებისმიერი საქონლის ცნობადობა მსოფლიოს გარშემო. მაგალითად, როგორც საქართველოში ყველამ იცის "დუბაის შოკოლადი", ისე აქ ცნობადობა უკვე ნიშნავს მსოფლიოში ცნობადობას", - განმარტავს გიორგი ამანათიძე.

ცნობისთვის, საქართველოდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ადგილობრივმა ექსპორტმა 2025 წლის იანვარ-აპრილში 6.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რითაც ქვეყანა საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის 23-ე ადგილზეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები