მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ვადებში უნდა განხორციელდეს "ოცნების" განათლების რეფორმა? - კობახიძის პასუხი

ირაკლი კობახიძე

"ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის განხორციელების ეტაპები ორ ფაზად შეიძლება დაიყოს. პირველი ფაზა მომავალი წლის სექტემბრამდე გაგრძელდება, ხოლო მეორე ფაზა დაახლოებით 4-5-წლიან პერიოდს მოიცავს. ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას ისაუბრა.

მისი თქმით, პირველ ფაზაში, მომავალ აკადემიურ წლამდე, სექტემბრამდე, შესასრულებელი სამუშაოები მოიცავს:

  • კანონმდებლობის გადახედვას.
  • შრომის ბაზრის ანალიზის დასრულებას უახლოეს თვეებში.
  • უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების დაწყებას ახალი მოდელის შესაბამისად - მომავალი წლის სექტემბრიდან.
  • დაფინანსების ახალი მოდელის ამოქმედებას.

„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან, მომავალი წლის სექტემბრიდან და უკვე უნდა მომზადდეს ამისთვის პირობები, უნდა ამოქმედდეს დაფინანსების ახალი მოდელი, თუმცა მინდა დავაკონკრეტო, რომ ყველა ის სტუდენტი, რომელიც უკვე სწავლობს უნივერსიტეტებში, უკვე ჩაბარებული აქვს, გააგრძელებს სწავლას არსებული დაფინანსების მოდელით, საგრანტო მოდელით, მათი მდგომარეობა არ შეიცვლება და ყველა შეძლებს, დაამთავროს სწავლა იმ უნივერსიტეტში, სადაც ჩაირიცხა. როგორც არ უნდა გადათამაშდეს კვოტები, დაფინანსების მოდელი, ეს არც ერთ შემთხვევაში არ შეეხებათ მოქმედ სტუდენტებს, რომლებსაც კონკრეტული პირობებით აქვთ ჩაბარებული შესაბამის უნივერსიტეტებში“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება მეორე ფაზას, ირაკლი კობახიძის შეფასებით, 4-5 წელიწადში აბსოლუტურად მოსწრებადია ყველაზე შრომატევადი და დროის მომთხოვნი საქმის შესრულება, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა.

მეორე ფაზით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებებია:

  • საკადრო პოლიტიკის სრულად მოწესრიგება (დაწყება ახლავე, დასრულება 4 წელიწადში).
  • 3+1+1 სისტემაზე სრული გადასვლა (დაწყება მანამდე, დასრულება 4 წელიწადში).
  • ხარისხის მართვის სისტემის თვისებრივად დახვეწა (საჭირო იქნება 3-4 წელი).
  • პროგრამების დახვეწა და სახელმძღვანელოების შექმნა (თვისებრივი ცვლილებები 4-წლიან

„გვინდა, შევქმნათ ახალი ინფრასტრუქტურა თბილისსა და რუსთავს შორის და ქუთაისში და ვფიქრობთ, 4 წელიწადში, მაქსიმუმ 5 წელიწადში შესაძლებელია ამ ინფრასტრუქტურის შექმნა. ასევე საკადრო პოლიტიკის სრულად მოწესრიგება, რა თქმა უნდა, ახლავე დაიწყება, მაგრამ ვფიქრობთ, შესაძლებელია, დასრულდეს 4 წელიწადში. 3+1+1 სისტემაზე სრული გადასვლა ასევე 4 წელიწადში, თუმცა აქაც მანამდე დავიწყებთ სისტემის ცვლილებას. ხარისხის მართვის სისტემის მოწესრიგებას დრო დასჭირდება. აქაც აქედანვე არის მუშაობა დასაწყები, თუმცა თვისებრივად დასახვეწად 3-4 წელი იქნება საჭირო. რაც შეეხება პროგრამების დახვეწას და სახელმძღვანელოების შექმნას, აქაც, ვფიქრობთ, რომ 4-წლიან პერსპექტივაში შესაძლებელია თვისებრივად კონკრეტული ამოცანების შესრულება და მიზნების მიღწევა. ამიტომ, ვადები შეგვიძლია ორ ფაზად დავყოთ. პირველი ფაზა - მომავალი წლის სექტემბრამდე, მეორე ფაზა მოიცავს დაახლოებით 4-5-წლიან პერიოდს“, - აღნიშნა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები