მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ყველა ქვეყანას აქვს ისეთი უნივერსიტეტი, როგორიც თავად სურს"|პროფესორის პასუხი ირაკლი კობახიძეს

მარინა ჩიტაშვილი

„იმ დანახარჯებით, რასაც სახელმწიფო ახარჯებს უმაღლეს განათლებას, ბოლო 35 წელიწადია, ერთიც, მეორეც და მესამეც [თსუ, სტუ და ილიაუნი] უტოლდება ჰარვარდს, უტოლდება კემბრიჯს და უტოლდება ოქსფორდს" - ასე პასუხობს თსუს პროფესორი, ფსიქოლოგი მარინა ჩიტაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლითაც „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერი ტექნიკური უნივერსიტეტის თსუსთან შეერთების წინააღმდეგი პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების ნაწილს გამოეხმაურა.

მარინა ჩიტაშვილს მიაჩნია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ფაქტობრივად გაუქმებით და თსუსთან შეერთებით, აღარც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იარსებებს.

„არ ვიცი, რას მივიღებთ“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.

„ირაკლი კობახიძეს ზოგადად ახასიათებს ცინიკური განცხადებები, განსაკუთრებით მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრის ამპლუაში მიკროფონთან დგას და ჟურნალისტებს ისე ელაპარაკება, თითქოს პასუხს არავინ დაუბრუნებს. ეს პირველი შემთხვევა არ არის. რაც შეეხება თავად განცხადებას, ამოსავალი პრინციპი ასეთია: ყველა ქვეყანას აქვს ისეთი უნივერსიტეტი, როგორიც თავად ამ ქვეყანას სურს. ეს ნიშნავს იმას, თუ რამდენს ხარჯავს სახელმწიფო საზოგადოებრივი სიკეთის შექმნასა და საკუთარი მოქალაქეების განვითარებაში. შესაბამისად, ჩემი პასუხი გახლავთ ასეთი: დიახ, იმ დანახარჯებით, რასაც სახელმწიფო ბოლო 35 წელია უმაღლეს განათლებაზე გამოყოფს, სამივე უნივერსიტეტი [თსუ, სტუ, ილიაუნი] ნამდვილად უტოლდება ჰარვარდს, კემბრიჯსა და ოქსფორდს“, - განაცხადა მარინა ჩიტაშვილმა.

პროფესორი ეთანხმება კოლეგების შეფასებას, რომ ვინც თსუ-ის როლს ვერ აფასებს, მას ქვეყნის მშენებლობის პროცესის შესახებ ცოდნა არ აქვს. მისი თქმით, უნივერსიტეტის გარეშე საქართველო დაკარგავდა როგორც სამეცნიერო ტერმინოლოგიას, ისე დამოუკიდებლობის იდეას.

„როგორც ჩემმა კოლეგამ, პროფესორმა ზურაბ დავითაშვილმა აღნიშნა, ადამიანს, რომელსაც არ ესმის თსუ-ის როლი თანამედროვე საქართველოს მშენებლობაში, სამწუხაროდ, საერთოდ არაფერი ესმის. თსუ-ის გარეშე ჩვენ არ გვექნებოდა ის სამეცნიერო ტერმინოლოგია, რომლითაც დღეს დარგებს ვავითარებთ; არ გვექნებოდა შენახული საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა და არ იარსებებდა ის აკადემიური მრავალფეროვნება, რომელიც ჯერ ტექნიკური, შემდეგ კი სამედიცინო და სხვა უნივერსიტეტების გამოყოფითა და განვითარებით მივიღეთ“.

მარინა ჩიტაშვილი მიიჩნევს, რომ რეფორმის რეალური მიზანი არა განათლების ხარისხის გაუმჯობესება, არამედ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა და სასწავლო პროცესზე ხელისუფლების სრული კონტროლის დამყარებაა. მისი თქმით, პროტესტს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება შედეგი, თუ ის უკიდურესად მასშტაბური იქნება:

„პროტესტს გავლენა ექნება მხოლოდ ერთი პირობით: თუ ის იმდენად მასშტაბური გახდება, რომ ხელისუფლებას პრემიერის შეცვლაც კი მოუწევს“, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები