თსუ-ის პროფესორის, ფსიქოლოგ მარინა ჩიტაშვილის შეფასებით, ტექნიკური უნივერსიტეტის თსუ-სთან მექანიკური შერწყმა ორივე უმაღლესი სასწავლებლის თვითმყოფადობას გაანადგურებს და სრულიად გაუგებარ წარმონაქმნს შექმნის. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა. პროფესორი მიიჩნევს, რომ რეფორმის რეალური მიზანი არა - განათლების ხარისხის გაუმჯობესება, არამედ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა და სასწავლო პროცესზე ხელისუფლების სრული კონტროლის დამყარებაა. მარინა ჩიტაშვილის თქმით, ხელისუფლებას ორი უნივერსიტეტის გაერთიანება გადაწყვეტილი აქვს და მისი შეცვლა პროტესტის მასშტაბზეა დამოკიდებული. „პროტესტს გავლენა ექნება მხოლოდ ერთი პირობით: თუ ის იმდენად მასშტაბური გახდება, რომ ხელისუფლებას პრემიერის შეცვლაც კი მოუწევს“, - აცხადებს ფსიქოლოგი.
- „თურმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოფილა ჰარვარდი, ტექნიკური უნივერსიტეტი - კემბრიჯი და ილიას უნივერსიტეტი - ოქსფორდი“ - პირველ რიგში, გთხოვთ, შეაფასოთ ირაკლი კობახიძის საკმაოდ ირონიული განცხადება, რომლითაც მან უნივერსიტეტების შეერთების მოწინააღმდეგეებს უპასუხა...
- ირაკლი კობახიძეს, ზოგადად, ახასიათებს ცინიკური განცხადებები, განსაკუთრებით მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრის ამპლუაში მიკროფონთან დგას და ჟურნალისტებს ისე ელაპარაკება, თითქოს პასუხს არავინ დაუბრუნებს. ეს პირველი შემთხვევა არ არის. რაც შეეხება თავად განცხადებას, ამოსავალი პრინციპი ასეთია: ყველა ქვეყანას აქვს ისეთი უნივერსიტეტი, როგორიც თავად ამ ქვეყანას სურს. ეს ნიშნავს იმას, თუ რამდენს ხარჯავს სახელმწიფო საზოგადოებრივი სიკეთის შექმნასა და საკუთარი მოქალაქეების განვითარებაში. შესაბამისად, ჩემი პასუხი გახლავთ ასეთი: დიახ, იმ დანახარჯებით, რასაც სახელმწიფო ბოლო 35 წელია უმაღლეს განათლებაზე გამოყოფს, სამივე უნივერსიტეტი [თსუ, სტუ, ილიაუნი] ნამდვილად უტოლდება ჰარვარდს, კემბრიჯსა და ოქსფორდს. როგორც ჩემმა კოლეგამ, პროფესორმა ზურაბ დავითაშვილმა აღნიშნა, ადამიანს, რომელსაც არ ესმის თსუ-ის როლი თანამედროვე საქართველოს მშენებლობაში, სამწუხაროდ, საერთოდ არაფერი ესმის. თსუ-ის გარეშე ჩვენ არ გვექნებოდა ის სამეცნიერო ტერმინოლოგია, რომლითაც დღეს დარგებს ვავითარებთ; არ გვექნებოდა შენახული საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა და არ იარსებებდა ის აკადემიური მრავალფეროვნება, რომელიც ჯერ ტექნიკური, შემდეგ კი სამედიცინო და სხვა უნივერსიტეტების გამოყოფითა და განვითარებით მივიღეთ.
- როდესაც აკადემიური სფეროს ნაწილი წუხს, რომ რეფორმის სახელით თსუ-სთან სტუ-შერწყმა „ერთი ხელის მოსმით“ ხდება, პრემიერი კი ასეთი ტონით პასუხობს, ტოვებს თუ არა ეს სივრცეს პროფესიული დისკუსიისთვის თუ ხელისუფლებამ უკვე ყველაფერი წინასწარ გადაწყვიტა?
- დღეს წავიკითხე, რომ პრემიერ-მინისტრი და განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, 5 თებერვალს დუბაიში, საერთაშორისო კონფერენციაზე მიემგზავრებიან. როგორ გგონიათ, ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ორი უნივერსიტეტის შეერთება ასეთ სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდება, პრემიერი და მინისტრი ქვეყნიდან მშვიდად გავიდოდნენ?! რა თქმა უნდა, არა. ეს გახლავთ ჩემი პასუხი, იმიტომ რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიღებული აქვთ. მათ საერთოდ არ აინტერესებთ აკადემიური საზოგადოების - პროფესორების, სტუდენტებისა თუ ადმინისტრაციის აზრი. უნივერსიტეტი თავისი არსით არის კორპორაცია, რომელიც ამ სამ მდგენელზე დგას და ერთის გამოკლებითაც კი სისტემა ვეღარ ფუნქციონირებს, თუმცა ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებისთვის ეს საკითხი დახურულია.
- რა მოლოდინი გაქვთ - ვხედავთ სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილს პროტესტს ორივე უნივერსიტეტში. იქნება ეს საკმარისი იმისთვის, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხიოს?
- არა მგონია, ეს საკმარისი აღმოჩნდეს. ერთადერთი პრეცედენტი 2023 წელს გვქონდა, ე.წ. „რუსული კანონის“ პირველ ვერსიასთან დაკავშირებით, როდესაც თქვეს, რომ მას აღარასდროს დაუბრუნდებოდნენ, თუმცა 2024-2025 წლებში რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ. მათ უკან არაფერზე დაუხევიათ. პროტესტს გავლენა ექნება მხოლოდ ერთი პირობით: თუ ის იმდენად მასშტაბური გახდება, რომ ხელისუფლებას პრემიერის შეცვლაც კი მოუწევს.
- თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ ეს შერწყმა „არანაკლებ დიდი საფრთხეა თსუ-სთვისაც“. რას გულისხმობდით?
- რეფორმა ყოველთვის პროგრესს არ ნიშნავს; ის შეიძლება იყოს უკან გადადგმული ნაბიჯიც. ის ცვლილებები, რაც კანონპროექტში წერია, ცალსახად რეგრესულია... ჩემი მთავარი კითხვა პრემიერისა და განათლების მინისტრისადმი ასეთია: როგორ ემსახურება ეს „რეფორმა“ ქვეყანაში სოციალური კაპიტალისა და ადამიანური რესურსების განვითარებას? სად დევს ამ კონცეფციაში კვლევაზე დაფუძნებული სწავლების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების გეგმა?!
- რატომ დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ 104-წლიანი ისტორიის მქონე ტექნიკური უნივერსიტეტის ფაქტობრივი გაუქმება და თსუ-სთან შეერთება?
- კიდევ ერთხელ ვიტყვი: ამ შერწყმის შემდეგ, არც ტექნიკური უნივერსიტეტი იარსებებს და არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
- რას მივიღებთ?
- არ ვიცი, სრულიად გაუგებარ რაღაცას... ამ ყველაფრის რეალური მიზანი უნივერსიტეტზე მაქსიმალური კონტროლის დამყარებაა. ცვლილებების მიხედვით, პროფესორებს მოუწევთ ასწავლონ მხოლოდ მთავრობის მიერ დამტკიცებული კურიკულუმით. თუ მთავრობა არ დაგიმტკიცებთ პროგრამას, ვერც ბაკალავრიატს განახორციელებთ და ვერც მაგისტრატურას. ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ბევრი კურსი შეიძლება საერთოდ გაქრეს, რადგან ისინი მთავრობისთვის მისაღები არ იქნება. დოქტორანტურა კი ამ „რეფორმას“ საერთოდ არ აინტერესებს.
- რატომ აირჩია „ქართულ ოცნებამ“ „მტკიცე ხელის“ პოლიტიკა - ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, უნივერსიტეტებშიც კი პროტესტის მასშტაბის გაზრდის ხომ არ შეეშინდა?
- ამ ხნის განმავლობაში პროტესტი თუ აღმოსაცენებელი იყო, უფრო მეტი აღმოცენდებოდა. ეს არის მცდელობა, პროტესტის აღმოცენების ყოველი შესაძლებლობა ჩანასახშივე შეიზღუდოს. ხელისუფლებას სურს, მაქსიმალურად გააკონტროლოს ის სივრცე, საიდანაც თავისუფალი აზრი და პროტესტი შეიძლება წამოვიდეს.
- რას დავუსვათ წერტილი ქართული განათლების სისტემაში?
- განუკითხობას.




























