მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ვალდებულებები უჩნდებათ ჰესებსა და მზის სადგურებს ქსელთან მიერთებისთვის? - დადგენილება

ეუ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „ქსელის წესებში“ ცვლილებები შეიტანა. ახალი დადგენილება, რომელიც ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა, მკაცრად არეგულირებს ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების (ჰესები, მზისა და ქარის სადგურები) გადამცემ ქსელთან მიერთების პირობებს.

ცვლილებების მთავარი მიზანი გადამცემი ქსელის სწორი დაგეგმარება, საჯარო ინტერესების დაცვა და ე.წ. „ქაღალდზე არსებული“ პროექტების მიერ ქსელური სიმძლავრეების უსაფუძვლოდ დაკავების პრევენციაა.

გთავაზობთ ახალი სამართლებრივი აქტის მიხედვით მომზადებულ მთავარ სიახლეებს:

ქსელის წესების თანახმად, ქსელთან მიერთების მსურველმა კომპანიამ (მაძიებელმა) აუცილებლად უნდა წარადგინოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი ან ხელშეკრულება.

ამ საბუთით უნდა დასტურდებოდეს, რომ მისაერთებელი ობიექტი რეალურად არსებობს და იგი იმყოფება ან ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის, ან უშუალოდ მშენებლობის (განხორციელების) ეტაპზე.

ახალი რეგულაციით, გადაცემის ლიცენზიატს (მაგალითად, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“) უფლება ეძლევა, დაუყოვნებლივ გააუქმოს მიერთების შეთავაზება ან შეწყვიტოს უკვე გაფორმებული ხელშეკრულება, თუ ეკონომიკის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით დადგინდება, რომ:

  • პროექტი რეალურად არ არის კვლევის ან მშენებლობის ეტაპზე;
  • კომპანიას მოთხოვნილი აქვს იმაზე მეტი მისაერთებელი სიმძლავრე, ვიდრე ეს სამინისტროსთან გაფორმებული კვლევის/სამშენებლო დოკუმენტაციით ეკუთვნის.

ასეთ სიტუაციაში სისტემის ოპერატორი თავისუფლდება ადრე არსებული ვალდებულებებისგან (მათ შორის, კომპანიისთვის 3-თვიანი გამოსასწორებელი ვადის მიცემისგან) და პროექტის მიერთებას აუქმებს.

10-დღიანი გამონაკლისი ბიზნესისთვის: იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესს ხელშეკრულება უკვე გაფორმებული ჰქონდა და ოპერატორისგან შეწყვეტის შეტყობინებას მიიღებს, მას ეძლევა 10 სამუშაო დღე, რათა წარადგინოს მანამდე გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც კვლევის ან მშენებლობის პროცესს ადასტურებს. ამ პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მიერთების ხელშეკრულება ძალაში დარჩება.

ცვლილებები გარკვეულ შეღავათსაც ითვალისწინებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც კვლევის ფაზაში არიან. თუ გენერაციის ობიექტი ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზეა, მას უფლება აქვს, სისტემის ოპერატორს მიერთების ხელშეკრულების ვადის ერთჯერადად, მაქსიმუმ 2 წლით გაზრდა სთხოვოს (უშუალოდ მშენებლობის ხელშეკრულების გაფორმებამდე).

თუმცა, როგორც კი კომპანია სამინისტროსთან მშენებლობის ხელშეკრულებას გააფორმებს, იგი ვალდებულია 1 თვის ვადაში მიმართოს ოპერატორს, რათა ქსელთან მიერთების ვადები მშენებლობის ვადებს შეუსაბამოს. ამ პირობის დარღვევა მიერთების ხელშეკრულების საბოლოო შეწყვეტის საფუძველი გახდება, რის შესახებაც გადაწყვეტილება 1 თვის ვადაში მიიღება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები