საქართველოს საგარეო ვალი, რომელიც ამჟამად 24.5 მილიარდი ლარი ანუ 9 მილიარდი დოლარია უმეტესწილად ევროში არის ნომინირებული. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული საქართველოს საგარეო ვალის მართვის 2025-2029 წლების სტრატეგიიდან ვიგებთ.
ანგარიშის თანახმად, უფრო კონკრეტულად ამჟამად ვალის ნაშთის 68% ევროშია ნომინირებული. შედარებისთვის 2019 წელს ევროს წილი საქართველოს საგარეო ვალში მხოლოდ 41% იყო, აშშ დოლარზე 46.5% მოდიოდა, დანარჩენი კი SDR-სა და იენში იყო ნომინირებული. თუმცა ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ მოზიდული ახალი საგარეო ვალები ძირითადად ევროში იყო ნომინირებული, რის შედეგადაც ვალში ევროს წილმა 68%-ს მიაღწია. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო ვალის სავალუტო რისკი მეტწილად ლარი/ევროს სავალუტო რისკისგან არის ფორმირებული.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მიმდინარე წელს ევრო გლობალურად გამყარდა, რამაც წელს საქართველოს საგარეო ვალის ნაშთი დაახლოებით 400 მილიონი დოლარით გაზარდა.

საქართველოს საგარეო ვალს სავალუტო კურსის რისკის გარდა ასევე აქვს საპროცენტო განაკვეთის რისკი. საქმე ისაა, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ ახალ საგარეო კრედიტებს ფიქსირებულის ნაცვლად ცვლადი საპროცენტო ვალი აქვს, რომლებიც ისეთ ცვლად ინდექსებზეა მიბმული, როგორიცაა Euribor-ი და SOFR-ი. უფრო კონკრეტულად, თუკი 2019 წელს ვალის პორტფელის 55% იყო ფიქსირებული კურსით, ახლა საქართველოს ვალის პორტფელის 53% უკვე ცვლად განაკვეთებზეა მიბმული.
2020-2021 წლებში ეს ცვლადი განაკვეთები 0%-თან ახლოს იყო და შესაბამისად, ვალის პროცენტის მომსახურებაც ბიუჯეტს ძვირი არ უჯდებოდა და ის 300 მილიონი ლარის ფარგლებში იყო თუმცა, 2021 წლის ბოლოდან მსოფლიოს ძირითადმა ცენტრალურმა ბანკებმა FED-მა და ECB-იმ განაკვეთები გაზარდეს, ამან კი მსოფლიოში კრედიტების გაძვირება განაპირობა. შედეგად, ვალის პროცენტის მომსახურება საქართველოსთვისაც გაორმაგდა. 2025 წლის ბიუჯეტის თანახმად, დაგეგმილია 1.37 მილიარდის ვალის ძირის და 845 მილიონი ლარის პროცენტის გადახდა, რაც ბოლო რამდენიმე წელში საპროცენტო ხარჯების 2.5-ჯერ ზრდას ნიშნავს.
რა იქნება ვალის წილი მშპ-ში მომდევნო 4 წლის განმავლობაში?
ფინანსთა სამინისტროს ვალის მართვის სტრატეგიის თანახმად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა ახალი საგარეო ვალდებულებების აღებაზე აქცენტს ნაკლებად გააკეთებს, რის შედეგადაც მშპ-სთან მიმართებით სახელმწიფო ვალის წილი არსებული 35.5%-დან, 2029 წელს 33.5%-მდე უნდა შემცირდეს.
ფინანსთა სამინისტრო პროგნოზირებს, რომ მომდევნო წლებში საგარეო ვალის წმინდა ზრდა 1 მილიარდ ლარს არ გადააჭარბებს.
ამასთან, გაიზრდება შიდა ვალის აღების მოცულობა, რაც 2029 წლისთვის 1.9 მილიარდ ლარზე არის პროგნოზირებული.




























