თითქმის ერთი კვირაა აჭარაში, გურიასა და იმერეთში დიდთოვლობას ებრძვიან, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა, მოსახლეობის ნაწილი დახმარებას ითხოვს.
ლანჩხუთის რაიონში, სოფელ მლეთაში მცხოვრები 74 წლის, დარეჯან კვაჭაძე BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სრულად მარტოა და საკვების საყიდლად ვერ გადის.
მისივე თქმით, გზები შეძლებისდაგვარად კი გაიწმინდა, თუმცა სახლების დათოვლისთვის სოფელში ახალგაზრდა არ არის.
„სახურავი დასათოვლია. მე პენსიონერი ქალი, მარტო ვარ სახლში და ჭიშკრამდე ძლივს გავდივარ. ისიც ნიჩბით გავთოვლეთ. გაიწმინდა გზა ბორბლებიანი ტრაქტორი. მანქანას მოსვლა რომ უნდოდეს, ვერც მოვა ისეთი ამბავია. ის არის, რომ სინათლე და გაზი გვაქვს. თუმცა საკვებისთვის მაღაზიაში ვერ გავდივარ. 74 წლის ვარ და მაღაზიამდე რომ მივიდე, იქამდე 1 კმ მაინც იქნება. ამ უბანს კორეის უბანს ეძახიან. აქ ახალგაზრდა არავინ ცხოვრობს. სოფელი დაცლილია. მარტო დარჩენილი ვართ ჩემ გარდა ავადმყოფი სამი მამაკაცი და ამის ამარა ვართ. აბსოლუტურად არანაირი პერსპექტივა არ გვაქვს, რომ ვინმე დაგვეხმარება. ჩვენ დეპუტატს რაც შეუძლია აკეთებს, რისთვისაც მადლობელი ვარ, მაგრამ სახლის დათოვლისთვის ადამიანი არ არის, რომელიც სოფლის გასაწმენდად წამოვა“, - ამბობს დარეჯან კვაჭაძე.
ჩვენთან საუბრისას, ჩოხატაურის რაიონის, სოფელ ბუკისციხის მკვიდრი, შალვა შარაშიძე ამბობს, რომ გუშინ მათ სოფელში ტრაქტორი მთელი საღამო მუშაობდა და შეძლებისდაგვარად შიდა გზები გაიწმინდა. ამასთან სოფელს შუქის და გაზის პრობლემა სრულად აღმოფხვრილი აქვს.
„შუქიც გვაქვს, გაზიც გვაქვს. ტრაქტორმა გუშინ ღამე შიდა გზები გაწმინდა. გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან იყვნენ, რომლებმაც მოგვიკითხეს. მე მეუღლე მყავს ავად და მკითხეს, რამე ხომ არ გვინდოდა. დღეს ბიჭები მოვიდნენ და გვეხმარებიან. თოვლი არის გადმოსაყრელი, რისი გაკეთებაც მე არ შემიძლია. თუმცა, საერთო ჯამში, ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა. “, - აღნიშნა შალვა შარაშიძემ.
სოფელ ზემო ნატანებში მცხოვრები, კობა პატარაია აცხადებს, რომ მისი სახლი სრულად დანგრეულია და ოჯახის წევრებთან ერთად, თავს პატარა სამზარეულოს აფარებს.
„სახლი დამენგრა. მეორე სართული, პირველი სართულის იატაკამდე სრულად გასწორდა. გაზი არ გვაქვს, გუშინ იყო თუმცა ესემესი მოგვივიდა და აკეთებენ. ასევე, არ გვაქვს ელექტროენერგია. გზა გასაწმენდია, თუმცა წეღან დამირეკა გამგებელმა და გზის გასაწმენდად ახლა მოდიან. იმედია მოაღწევენ.
სოფელში ზარალი ძალიან დიდია. გამგებლისგან ვიცი, რომ ზემო ნატანებში ძალიან ბევრი დაზარალებულია, რომლებსაც სახლებზე პრობლემა შეექმნათ. პატარა სამზარეულო მაქვს და იმ სამზარეულოში მყავს ჩემი ცოლ-შვილი და დედაჩემი“, - განმარტავს კობა პატარაია.