საქართველოში ტრამპის ბრენდის დაბრუნების ახალ ეტაპზე, Trump Organization-ი თბილისში 70-სართულიანი მრავალფუნქციური ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. პროექტი, რომელიც დედაქალაქის ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნება, ქართულ კონსორციუმთან („არქი“ და Biograpi Living) ერთად ხორციელდება და მასში ამერიკული დეველოპერი Sapir Organization-იც მიღებს მონაწილეობას.
ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჯგუფის, Sapir Organization-ის ისტორია, რომელიც საბჭოთა კავშირიდან ემიგრირებულმა თამირ საპირმა (თემურ სეფიაშვილმა) დააფუძნა, დღეს მისმა შვილმა, ალექს საპირმა ახალ საფეხურზე აიყვანა. კომპანია, რომლის აქტივებიც მანჰეტენის სიმბოლურ ნაგებობებსა და მაიამის ფუფუნების საგნებს მოიცავს, სათავეს 70-იანი წლების ემიგრაციული ტალღიდან იღებს.
თამირ საპირმა საბჭოთა კავშირი 1973 წელს, ებრაული ემიგრაციის ტალღის დროს დატოვა. ის ჯერ ისრაელში დასახლდა, მოგვიანებით კი აშშ-ში გადავიდა. მისი წარმატება ნიუ-იორკში ტაქსის ლიცენზიის (medallion) შეძენითა და დაგირავებით დაიწყო.
კომპანია საკუთარ ისტორიაში წერს, რომ დაზოგილი თანხით საპირმა მეხუთე ავენიუზე ელექტრონიკის მაღაზია გახსნა, რომელიც მალე ნიუ-იორკელი რუსულენოვანი თემისა და საბჭოთა დელეგაციების საკულტო ადგილად იქცა. სწორედ ამ კავშირებმა მისცა მას საშუალება, 1985 წელს აშშ-სსრკ-ის სავაჭრო-ეკონომიკური საბჭოს დელეგაციაში მოხვედრილიყო, რამაც გზა გაუხსნა ნავთობის ბიზნესისკენ საპირი რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი უცხოელი პარტნიორი გახდა.
90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მანჰეტენის უძრავი ქონების ბაზარი კრიზისში იყო, თამირ საპირმა რისკიანი გადაწყვეტილება მიიღო და ნავთობიდან მიღებული კაპიტალი უძრავ ქონებაში დააბანდა. შედეგად, მან შექმნა ნიუ-იორკის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო პორტფოლიო, რომელშიც ისეთი გიგანტები შედის, როგორიცაა:
- 11 Madison Avenue: არტ-დეკოს სტილის ცათამბჯენი, სადაც დღეს მსოფლიოში აღიარებული რესტორანი Eleven Madison Park და ისეთი კომპანიებია განთავსებული, როგორებიცაა Sony, Yelp და Credit Suisse.
- 2 Broadway: შენობა, რომელიც თავისი მასშტაბებით მანჰეტენის უძრავი ქონების "პანთეონში" იკავებს ადგილს.
დღეს კომპანიას ალექს საპირი ხელმძღვანელობს, რომელმაც მამის დაწყებული საქმე არქიტექტურულ და კულტურულ ორიენტირებად აქცია. მის სახელს უკავშირდება:
- Arte Surfside: მაიამის მდიდრული საცხოვრებელი კომპლექსი, რომელმაც რეგიონში გაყიდვების რეკორდები მოხსნა.
- Nomo Soho: 264-ნომრიანი სასტუმრო მანჰეტენის ცენტრში, რომელიც ხელოვნებისა და ფუფუნების სინთეზითაა ცნობილი.
ბიზნესის მიღმა, თამირ საპირი აქტიურ ქველმოქმედებას ეწეოდა. როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დამცველი, ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ჩასული ემიგრანტების დახმარებას "ამერიკული ოცნების" მიღწევაში.
მის სახელს უკავშირდება ქართველი ებრაელების სინაგოგის მშენებლობა ქუინსში (Rego Park), ასევე სინაგოგები ისრაელსა და მოსკოვში. საპირი იყო ებრაული ემიგრანტული თემების ორგანიზაციების საბჭოს (COJECO) დირექტორთა საბჭოს წევრი და 2000 წელს მიიღო საპატიო ჯილდო Ellis Island Medal of Honor.




























