მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა წერია კრიპტო და ვირტუალური აქტივების რეგულირების შესახებ კანონპროექტში?

6317290925a47
გიორგი თოლორდავა
06.09.22 16:00
2875
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პარლამენტს კრიპტო და ციფრული აქტივების რეგულირების შესახებ ახალი კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობაზეა მიმართული.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, კრიპტო სერვისების პროვაიდერებსა და მომხმარებლებს ახალი ვალდებულებები გაუჩნდებათ, სექტორის მარეგულირებლის ამპლუაში კი, ეროვნული ბანკი მოგვევლინება.

ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) რჩევის საფუძველზე, სებ-ის ძირითადი ყურადღება ციფრული აქტივებით განხორციელებული ტრანზაქციების წარმოშობის იდენტიფიცირებისა და სუბიექტების ვინაობების შეტყობის საკითხებს დაეთმო.

„ანგარიშვალდებულმა პირმა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უნდა შეისწავლოს საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში მომზადებული, დადებული ან/და შესრულებული გარიგება, რათა დაადგინოს, რამდენად შეესაბამება ის მისთვის ცნობილ ინფორმაციას კლიენტის შესახებ, კლიენტის კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას და კლიენტის რისკის დონეს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - კლიენტის ქონების, ფულადი სახსრების და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმომავლობას, აგრეთვე უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის (დოკუმენტის) სათანადო პერიოდულობით განახლება“, - წერია კანონპროექტში.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ რეგულირებისა და ზედამხედველობის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კრიპტო და ვირტუალური აქტივები ფულის გათეთრების მიზნით გამოყენების უჩვეულოდ მაღალ რისკებს შეიცავენ, რაც მათი ანონიმურობის მაღალი ხარისხით, სისწრაფითა და ტრანზაქციების რთული მიკვლევადობითაა განპირობებული.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სერვისების პროვაიდერებს გაუჩნდებათ რიგი ვალდებულებები. ვირტუალური აქტივების ტრანზაქციების აქტიური მონიტორინგისა და შესაბამისი ანგარიშგების წარმოების გამო კი, კომპანიების ხარჯები გაეზრდებათ, რადგან აღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად მათ შესაბამისი ადამიანური და ფიზიკური რესურსების გამოყენება მოუწევთ.

ასევე, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის მსურველი პირი ვალდებული იქნება, სარეგისტრაციო მოსაკრებლის სახით 10,000 ლარი გადაიხადოს.

"ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მომეტებული რისკების გათვალისწინებით, კანონპროექტი ადგენს პრევენციული ღონისძიებების განხორციელების განსხვავებულ ლიმიტს კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის მომსახურებასთან დაკავშირებული ერთჯერადი გარიგების დადების შემთხვევაში, რაც შეადგენს 1 000 აშშ დოლარს, 1 000 ევროს ან 3 000 ლარს", - აღნიშნულია კანონპროექტში.

კანონპროექტის ინიციატორების შეფასებით, აღნიშნულ ცვლილებას პოზიტიური ფინანსური გავლენა ექნება ციფრული აქტივების მომსახურების პროვაიდერებსა და საფინანსო სექტორის იმ წარმომადგენლებზე, რომელთაც საქმიანობის უფლება ექნებათ. სექტორში გამჭვირვალობის ზრდა ხელს შეუწყობს მის განვითარებას და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოს შექმნას, რასაც, სებ-ის შეფასებით, პოზიტიური გავლენა ექნება ქვეყნის ეკონომიკაზე.

ხაზგასასმელია, რომ მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტო-ბირჟა Binance საქართველოში რეგიონული ოფისის გახსნას განიხილავს, თუმც ამისთვის შესაბამისი სალიცენზიო-საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას ელოდება.

სებ-ის განმარტებით, შემუშავებული კანონპროექტი ევროკავშირის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის რეკომენდაციების საფუძველზეა მომზადებული და სრულ შესაბამისობაშია დასავლურ სახელმწიფოებში გავრცელებულ სამართლებრივ პრაქტიკასთან.

კანონპროექტის ამოქმედების ვადად 2023 წლის 1 იანვარი განისაზღვრება. მომსახურების პროვაიდერები ვალდებულნი იქნებიან, ერთ წლის ვადაში დარეგისტრირდნენ ეროვნულ ბანკში, თუმცა არაუგვიანეს 2024 წლის 1 ივლისისა უზრუნველყონ რეგისტრაციამდე არსებული კლიენტების მიმართ პრევენციული ღონისძიებების გატარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები