მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა წერია პენსიის ინდექსაციის კანონპროექტში?

5ebe683c442e4
შოთა ტყეშელაშვილი
15.05.20 14:05
3276
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკვე დარეგისტრირდა ხანდაზმულთა პენსიების ინდექსაციის კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც, ასაკობრივი პენსია ყოველწლიურად მინიმუმ 20 ლარით გაიზრდება. ინდექსაციის ფორმულის მიხედვით, პენსიის მატება დამოკიდებული იქნება ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე.

კიდევ ერთი ცვლილება, რაც კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მოხდება, 70 წლამდე და 70 წელს ზემოთ მყოფი პენსიონერების პენსიების დიფერენცირება იქნება. ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის პენსია წლიურად მინიმუმ 25 ლარით გაიზრდება.

ინდექსაციის ფორმულა:

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს კანონის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ მე-7 მუხლში შედის ცვლილება და განისაზღვრება პენსიის გაანგარიშების წესი. ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის კანონის პროექტის წარდგენისას, პენსიის ოდენობა გაანგარიშებული იქნება შემდეგი წესით:

• 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის - ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით;

• 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისათვის - ჯამით, რომელიც უდრის ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულს დამატებული ბოლო 6 კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80%, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.

ამასთან, პროექტი ითვალისწინებს, რომ აღნიშნული წესით გამოთვლილი პენსიის ოდენობა, მრგვალდება მეტობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე.

ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კი საქტსტის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკა იქნება იმ პერიოდისთვის, როდესაც პარლამენტში ბიუჯეტის წარდგენა მოხდება.

რა შეიცვლება?

5 წლიან პერიოდში 70 წლის ასაკამდე პენსიონერების სახელმწიფო პენსია მიაღწევს მინიმუმ 320 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისათვის სახელმწიფო პენსია მიაღწევს მინიმუმ 375 ლარს.

რამდენი პენსიონერია ქვეყანაში?

დღეის მდგომარეობით საქართველოში დაახლოებით 770.0 ათასი პენსიონერია, მათ შორის 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერთა რაოდენობა დაახლოებით 410 ათას პენსიონერს შეადგენს.

რამდენი მილიონი ლარი დაჯდება პენსიების ინდექსაცია?

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მისი შემოღება სახელმწიფო ბიუჯეტს წლიურად დამატებით 230 მილიონი ლარი დაუჯდება.

“წარმოდგენილი კანონის პროექტით, წლიურ ბიუჯეტში საპენსიო ხარჯები გაიზრდება წლიურად დაახლოებით 230 მლნ ლარით და გრძელვადიან პერიოდში საპენსიო ხარჯი არ გადააჭარბებს მშპ-ის 4.5%. აღნიშნულ ზრდაში გათვალისწინებულია დღეს არსებული პენსიონერების დინამიკა და ასაკობრივი განაწილება (დაახლოებით 210 მლნ ლარი), ასევე მაღალმთიანი მოსახლეობისათვის გათვალისწინებული დანამატის დამატებითი ხარჯი (დაახლოებით 5 მლნ ლარი) და პენსიის ცვლილების ეფექტი კომპენსაციის მიმღებ პირებზე (დაახლოებით 15 მლნ ლარი). გათვლები აღებულია პენსიის მინიმალური ზრდის ოდენობების გათვალისწინებით. ეკონომიკური პარამეტრების პროგნოზები საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვან გადახრას არ გამოიწვევს პენსიის ოდენობის წარმოდგენილი პროგნოზიდან და (განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის გათვალისწინებით) საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით გამოანგარიშებული ოდენობა შესაძლებელია უფრო დაბალი აღმოჩნდეს, ვიდრე ეს არის გარანტირებული ზრდის მინიმალური ოდენობით (შესაბამისად 20 და 25 ლარი, შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში). გრძელვადიან პერიოდში ზრდა დამოკიდებული იქნება პენსიონერების რაოდენობაში დემოგრაფიულ ცვლილებებზე და ეკონომიკურ პარამეტრებზე, თუმცა არსებული გათვლებით საპენსიო ხარჯი არ გადააჭარბებს მშპ-ის 4.5%-ს,”- ნათქვამია განმარტებით ბარათში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები