მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ხარვეზები ფიქსირდება საარჩევნო უბნებზე - ცესკოს განცხადება

615810ce17955
ვიქტორია მღებრიშვილი
02.10.21 12:06
639
ცენტრალური საარჩევნო კომისია „არჩევნები 2021“ მიმდინარეობასთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებას განაგრძობს და სხვადასხვა საარჩებნო უბანზე დარღვევებისა და ხარვეზების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ნაწილს უარყოფს, ნაწილს კი ადასტურებს.

საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, არასწორია ინფორმაცია ზესტაფონის სოფელ საქარაში ორ კანდიდატს შორის დაპირისპირების შემდგომ საარჩევნო ურნის დაზიანებისა და საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შეწყვეტის შესახებ.

ასევე ტყუილია, თითქოსდა მარნეულის 67-ე უბანზე ირღვევა ფარულობის პრინციპი და ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი ყველა ამომრჩეველს კაბინაში მიყვება და ამოწმებს მათ შემოხაზულ ბიულეტენებს.

ცესკო-ში აცხადებენ, რომ ბიულეტენებთან დაკავშირებული ხარვეზები რამდენიმე უბანზე ფიქსირდება.

„დაფიქსირდა ხარვეზები ბიულეტენებთან დაკავშირებით. კერძოდ, კრწანისის საარჩევნო ოლქის მე-18, 24-ე და 32-ე საარჩევნო უბნებზე საარჩევნო ბიულეტენი იყო დიდი ზომის და სპეციალურ აპარატში ვერ მოთავსდა. შესაბამისად, ამ ორ უბანზე კენჭისყრის პროცესი ელექტრონული აპარატის გამოყენების გარეშე, ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა.

ხარვეზი დაფიქსირდა ბიულეტენებთან დაკავშირებით ვაკის საარჩევნო ოლქის მე-4 უბანზე. საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს და აღნიშნულ უბანზე ხარვეზიანი ბიულეტენები ჩანაცვლდება. 

„სოციალურ მედიაში ვრცელდება ბიულეტენის ფოტოები, რომელიც ზედა მხარეს გამყოფი, პერფორაციის ზოლთან არასწორად არის მოხეული, აღნიშნულ ფოტოს ასევე ავრცელებს ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც. განვმარტავთ, რომ იმ შემთხვევაში თუ ბიულეტენზე ასახულია და ცალსახად ჩანს ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომრები, ასე მოხეული ბიულეტენი არ მიიჩნევა ბათილად და გავრცელებული ინფორმაცია ასეთი ბიულეტენის შესაძლო ბათილობის შესახებ არის მანიპულაცია და სიცრუე.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზუგდიდში „ედისონ რისერჩის“ მკვლევრებს საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები ხელს უშლიან კვლევის წარმოებაში. მოვიწოდებთ ჩართულ მხარეებს, ნუ შეუშლიან ხელს მათ კვლევის განხორციელებაში და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვას.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საარჩევნო სიმბოლიკის გამოყენებით საარჩევნო უბანზე შესვლას, აღნიშნულთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს. დარღვეულია საარჩევნო უბანზე აგიტაციის წესი.

ასევე არასწორია ორგანიზაცია სამოქალაქო საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გლდანის 23-ე საარჩევნო უბანზე ძველი დიზაინის ხმის მიცემის კაბინებია. საარჩევნო უბანზე ახალი დიზაინის ხმის მიცემის კაბინებია განთავსებული“, - აცხადებენ ცესკოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები