მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ზომისაა საქართველოს „ჩრდილოვანი ეკონომიკა“?

6463977c1399b
ელენე გოგბერაშვილი
17.05.23 00:00
3685
საქართველოს ეკონომიკის მოცულობა მთლიანობაში 29 მილიარდ დოლარს შეადგენს, თუმცა ქვეყნის ეკონომიკის გარკვეული ნაწილი არაფორმალური სახით არსებობს, ანუ დაბეგვრადი ეკონომიკის მიღმაა. მათ შესახებ დაზუსტებული სტატისტიკური ინფორმაცია არ არსებობს. დაუდგენელია ასევ ის ეკონომიკური ბრუნვაც, რაც არალეგალურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული.

ორი წელია სტატისტიკის ეროვნული სამსახური ჩრდილოვანი/დაუკვირვებელი ეკონომიკის დარგების გამოკვლევაზე მუშაობს. როგორც "საქსტატის" ხელმძღვანელი bm.ge-სთან ამბობს, დღეის მდგომარეობით არაფორმალური ეკონომიკის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 13,1%-ს აჭარბებს. განსაკუთრებით მაღალი დაუკვირვებელი ეკონომიკის ზომა სტუმარ-მასპინძლობის სექტორშია და 50%-ს აღემატება.

„დღეის მდგომარეობით დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი მშპ-ში გახლავთ 13,1%. თუ დააკვირდებით ტენდენციას, კლებისკენ არის აღნიშნული მიმართული. გასულ წელს ჩვენ ორი სექტორი გამოვიკვლიეთ, ეს იყო პირველი ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორი, ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი. შედეგად გამოვლინდა პირველ სექტორში დაუკვირვებადი ეკონომიკის 18%-იანი წილი, ხოლო მეორეში 5,5%-იანი.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, ჩვენი გეგმა ითვალისწინებს სხვადასხვა მომსახურების სექტორში ანალოგიური ტიპის გამოკვლევის ჩატარებას. თუ გადავხედავთ კლასიფიკატორს, ყველაზე მაღალი დღეის მდგომარეობით გახლავთ რესტორნების და სასტუმროების სექტორში დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი, სადაც აღნიშნული მაჩვენებელი 50%-საც კი აღემატება“,-აცხადებს გოგიტა თოდრაძე.

საქსტატის დაუკვირვებადი ეკონომიკის მაჩვენებელი მოიცავს ე.წ ფარულ ეკონომიკას, როდესაც პირებს რეგისტრაციის ვალდებულება აქვთ, თუმცა ამას არ აკეთებენ და შემოსავლები არ აქვთ დეკლარირებული. ასეთი პირები არიან მაგალითად, უძრავი ქონების გამქირავებლები. ეს მაჩვენებელი მოიცავს ასევე პირებს, რომლებსაც რეგისტრაციის ვალდებულება არ აქვთ, თუმცა ისინი შემოსავალს იღებენ. ასეთი პირები შეიძლება იყვნენ ძიძები, რეპეტიტორები, ტაქსის მძღოლები და ა.შ

ბერტელსმანის 2024 წლის ინდექსით, ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომა რამდენჯერმე აღემატება საქსტატის მაჩვენებელს. 7.1. კრიტერიუმით საქართველოს არაფორმალური ეკონომიკის ზომა შეფასებულია 46.2%-ად, რაც შეადგენს დაახლოებით $29 მილიარდს მშპ PPP დონეზე.

"ანუ 29 მლრდ დოლარი არის ჩრდილში მოქცეული, რასაც ვერ ხედავს სახელმწიფო, შესაბამისად ვერ ხედავს ამას სახელმწიფო ბიუჯეტი და ეს 29 მლრდ დოლარი არის ის, რაც არ იბეგრება. მართალია იქმნება დოვლათი, მაგრამ ამ დოვლათს ვერავინ ვერ ვხედავთ. ეს არის კიდევ უფრო გასაკვირი იმ ფონზე, როდესაც გვაქვს კარგი ბიზნეს გარემო, არაერთი საერთაშოროსო შეფასებით და აღქმის დონეზე ადამიანები ვერ ხედავენ კორუფციას ქვეყანაში“,-აცხადებს IDFI-ს სოციალური და ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი.

იმისთვის, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი შემცირდეს, ISET-ის წამყვანი ეკონომისტი გამოსავალს საგადასახადო სისტემის გამარტივებაში ხედავს.

„ჩრდილოვანი ეკონომიკა პრობლემაა იმიტომ, რომ იქ გადასახადების გადახდა არ ხდება. ხდება გარიგებები, რომელიც გასულია გარკვეულწილად სამართლებრივი ჩარჩოდან, ამიტომ პრობლემა არსებობს. საგადასახადო სისტემის გამარტივება იქნება ერთ-ერთი სტიმული იმისათვის, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი შემცირდეს. ნაკლები სადამსჯელო ღონისძიებები უნდა იყოს, იმისთვის, რომ გამოვიდნენ ჩრდილოვანი ეკონომიკიდან და ჰქონდეთ სტიმული. მარტივი მაგალითია, მაგალითად სოციალურად დაუცველებს არ უნდა მოუხსნა დახმარება, თუ იღებენ შემოსავალს. ეს სტიმულს აჩენს, ადამიანმა არ დამალოს შემოსავალი.

მთავარი განმაპირობებელი მაინც არის ის, რომ იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე საგადასახადო სისტემა, მარტივი იმისთვის, რომ ნაკლები იყოს სტიმული ჩრდილოვან ნაწილში დარჩენის. რამდენადაც ვიცი, შემოსავლების სამსახური გარკვეულწილად ამაზე მუშაობს, ეს არის სხვადასხვა მოტივაციების გაჩენა იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ სტიმული ამ ჩრდილოვანი ეკონომიკიდან გამოვიდნენ, აქ არის ერთი როლი საგადასახადო სისტემის და მისი ადმინისტრირების, რომ იყოს მარტივი და მეორე, რომ შემოსავლების სამსახური იქნება, თუ სხვა უწყებები, მათ მოტივაცია მისცენ ადამიანებს, რომ მათ გააზრებული ჰქონდეთ, რომ ამით ვნებენ თავს და სხვებსაც, რომ შესაბამის კონტრიბუციას არ აკეთებენ“,-აცხადებს გიორგი პაპავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები