სურსათის ფასის ზრდასთან დაკავშირებით სექტორის წარმომადგენლები BMG-სთან საუბრისას ერთხმად მიუთითებენ, რომ მთავარი გამოწვევა საქართველოში იმპორტდამოკიდებულებაა, რაც პირდაპირ აისახება დახლზე გასაყიდი პროდუქციის ფასზე.
„თიბისი კაპიტალის“ ვიცე-პრეზიდენტი, ანდრო თვალიაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივად წარმოებული სასურსათო პროდუქციის დაბალი წილი და მაღალი იმპორტდამოკიდებულება მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფასების ზრდაში.
ის ბოლო პერიოდის სტატისტიკას იშველიებს და ამბობს, რომ ევროკავშირიდან შემოსული მზა საკვების, თამბაქოსა და ალკოჰოლის წილი წლიურად 37%-დან 39%-მდე გაიზარდა.
"პროდუქტების იმპორტში ევროკავშირის წილი საკმაოდ მაღალია და ბოლო წლებში მუდმივად იზრდება, რაც გავლენას ახდენს ფასების ფორმირებაზე“, - აღნიშნა მან.
Bewise Georgia-ს თანადამფუძნებელი და რითეილ-ექსპერტი, ია ნადირაშვილი ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ძალიან დაბალია, შესაბამისად, ძირითადად იმპორტულ პროდუქტებზე სასურსათო-სამომხმარებლო პროდუქტების თვითღირებულებას მნიშვნელოვანი ზედნადები ხარჯები აქვს, ეს იქნება - შესასყიდი ფასი, ლოგისტიკა, საწყობი და გაყიდვების არხები.
"საქართველოს ბაზარი ძირითადად იმპორტულ პროდუქტებზეა დამოკიდებული და თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ძალიან დაბალია. შედეგად, სასურსათო - სამომხმარებლო პროდუქტების თვითღირებულებას მნიშვნელოვანი ზედნადები ხარჯები - შესასყიდი ფასი, ლოგისტიკა, საწყობი და გაყიდვების არხები განაპირობებს.
ფასზე გავლენას ახდენს ასევე დღგ-ის მაღალი განაკვეთი. საქართველოში სასურსათო პროდუქტები 18%-ით იბეგრება, მაშინ როცა სხვა ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 10%-მდეა. საქართველოს ბაზარი იმდენად მცირეა, რომ საერთაშორისო მომწოდებლებისთვის არ წარმოადგენს ისეთ ინტერესს, რომ განსაკუთრებულად ხელსაყრელი შესასყიდი ფასები შემოგვთავაზონ“, - ამბობს ნადირაშვილი.
გარდა დღგ-ს გამოწვევისა, რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი სოფიო ქაშაკაშვილი ამბობს, რომ ფასის ფორმირებაზე გავლენას ახდენს ბანკების საკომისიო ბარათების ტრანზაქციებზე.
„წარმოიდგინეთ, 1 ლარის ტრანზაქციიდან, 20 თეთრი ბანკის მომსახურების არის. ეს თანხა წლის და თვის ჭრილში ძალიან მაღალ მაჩვენებელს აღწევს“, - აღნიშნავს ქაშაკაშვილი.



























