მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭაში ახალი სტუმარ-მასპინძლობის სივრცე “კესანე - არ დამივიწყო” გაიხსნა

64b1590b22557
ნანუკა ნარიმანიძე
17.07.23 09:00
1568
მულტიფუნქციური სივრცე რაჭაში “კესანე - არ დამივიწყო” 1 ივლისიდან გაიხსნა და ის მომხმარებელს ავთენტურ კერძებსა და ადგილობრივი მეწარმეების ღვინოს სთავაზობს - ბიზნესის აქტივობასა და სამომავლო გეგმებზე “კესანე - არ დამივიწყოს” დამფუძნებელმა გვანცა ყრუაშვილმა გადაცემა “ქალების ნარატივში" სტუმრობისას ისაუბრა.

“ბიზნესი 2021 წლის 1 მარტს დაარსდა, ჩვენი სივრცე ხოტევში კი 1 ივლისს გაიხსნა, გამოხმაურება მომხმარებლისგან ძალიან პოზიტიურია, ყოველდღიურად გვემატებიან ვიზიტორები. ამჟამად ძირითადი აქცენტი კერძების ავთენტურ ხაზზეა გაკეთებული, დღის განმავლობაში საკვების მიმართულებით გვაქვს დატვირთვა, ხოლო საღამოს უფრო ღვინისა და დაფების კონცეფცია გვაქვს სასიამოვნო მუსიკალური გაფორმებით”, - აღნიშნა გვანცა ყრუაშვილმა.

დამფუძნებელმა ერთ-ერთ მთავარ მიმართულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიზნესი რეგიონის მაქსიმალურად განვითარებას ემსახურება.

“ჩვენ ძალიან ბევრი ღია სივრცე გვაქვს, არსებული დახურული სივრცე გვინდა ჰაბად ვაქციოთ ადგილობრივი მეწარმეებისთვის, რადგან ჩვენ გვაქვს საშუალება სტენდებზე განვათავსოთ მათი პროდუქცია. ჩვენ უკვე 7 მეღვინეობასთან ვთანამშრომლობთ და მათი პროდუქცია გვაქვს წარმოდგენილი, სამომავლოდ ამ რიცხვს აუცილებლად გავზრდით.ვინაიდან ჩვენი კონცეფცია ემსახურება რეგიონის განვითარებას, ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმის მეღვინეებთან ვთანამშრომლობთ”, - დასძინა მან.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, გვანცა ყრუაშვილმა აღნიშნა, რომ იგეგმება სასტუმრო მიმართულების დამატებაც.

“საწყის ეტაპზე ჩვენი ბიზნესი სეზონურობით ხასიათდება, ოქტომბრის ბოლომდე ვიფუნქციონირებთ, სამომავლოდ როდესაც სხვა ბიზნეს მიმართულებებიც დაგვემატება, გვინდა, რომ მთელი წლის განმავლობაში იფუნქციონიროს ობიექტმა. უახლოეს ორ წელიწადში სასტუმრო მიმართულებასაც დავამატებთ, რეგიონს უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს, ჩვენი კონცეფცია არ არის მხოლოდ კვების მიმართულება, გვინდა გარემო იყოს საინტერესო ჩამოსული ტურისტებით, გვინდა რეგიონის მაქსიმალურად პოპულარიზაცია”, - ამბობს დამფუძნებელი.

ცნობისთვის: “კესანე - არ დამივიწყო” 2023 წლის 1 ივლისს გაიხსნა, კომპანიაში ამჟამად 7 ადამიანია დასაქმებული და ყოველდღიურ რეჟიმში ემატება ახალი თანამშრომელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები